შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტრატეგია აღმაშენებლის აქტივისტების ცემის საქმეზე, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ორი პირი: 1987 წელს დაბადებული გ.ხ. და 1976 წელს დაბადებული პ.ს. დააკავეს.
შსს-ს განცხადებით, მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, თბილისში, მეტროსადგური “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმა მოქალაქემ – გ.ხ.-მ და პ.ს.-მ პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამცველებმა ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ცნობისთვის, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მათ მოხალისეებს თავდამსხმელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ვაშაძის განმარტებით, აქტივისტები ხელმოწერებს აგროვებდნენ, რა დროსაც რამდენიმე პირი პარტიის ბანერთან მივიდა და ახალგაზრდებს თავს დაესხა.
“მოვითხოვთ ამ ადამიანების უმკაცრესად დასჯას და მოვითხოვთ თქვენგან [ქართული ოცნებისგან], ხელი აიღეთ ძალადობისგან, ხელი არ წაგიცდეთ ჩვენს ახალგაზრდებზე, თქვენი არავის არ ეშინია”, — განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვევის შესახებ ისინი ინფორმაციას მიაწვდიან საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და გააგრძელებენ მონიტორინგს, რომ თავდამსხმელები დაისაჯონ.