ჭიაბერაშვილი: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიები ინფრასტრუქტურულად გაუმართავია

370

“ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიები ინფრასტრუქტურულად გაუმართავია.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სოფლებში ამბულატორიის რემონტი, ტენდერით გათვალისწინებული ხელშეკრულებით, 2020 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღეს ისინი კვლავ უფუნქციოა.

„კორონაკრიზისის გარეშეც, სოფლის ექიმი და ექთანი ადგილებზე ჯანდაცვის სისტემის საყრდენი უნდა იყოს. სოფლის ამბულატორიის როლი მით უმეტეს იზრდება ეპიდემიის შემოტევის პირობებში.

ყველას გვინდა, კახეთი და მთელი საქართველოც, „მწვანე რეგიონად” დარჩეს, მაგრამ სისტემის მზაობა აუცილებელია. კრიზისის დაწყების დღიდან ჯანდაცვის სამინისტროს ამისკენ მოვუწოდებთ.

ლაგოდეხის რაიონის სოფელ თამარიანში ისეთივე მდგომარეობაა, როგორიც არეშფერანში და მაწიმში. ამბულატორიის რემონტი 2019 წელს ჩატარდა და, ტენდერის პირობების მიხედვით, 2020 წლის მარტში უნდა გახსნილიყო. ამ ვადამ რამდენჯერმე გადაიწია, თუმცა ამბულატორიაში ჯერ ავეჯიც კი არაა შეტანილი და არავინ იცის, როდის გაიხსნება იგი.

„ქართული ოცნება“ გვპირდებოდა, რომ სამედიცინო სისტემას მოაგვარებდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ სოფლის ამბულატორიებს, რომლებიც ინფრასტრუქტურულად გაუმართავია და უფუნქციო. ეს არის მკაფიო ნიშანი იმისა, თუ როგორ მოემზადა ეპიდემიის მეორე ტალღისთვის ხელისუფლება. კარგად ჩანს, თუ როგორ მოემზადა კორონაკრიზისის დაწყებიდან 8 თვის შემდეგაც ხელისუფლება.“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.