„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებელებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდეთ.
სერგი კაპანაძის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არასახარბიელოა და სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ვირუსის გავრცელების საფრთხე იზრდება.
„როგორც ჩვენთვის ცნობილია და რასაც თვალს ვადევნებთ ბოლო დღეების განმავლობაში, ეპიდემიოლოგიური ვითარება და ზრდა სახარბიელო არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ 15 სექტემბერს ოფიციალურად იწყება სწავლა სკოლებში და ზოგიერთმა კერძო სკოლამ უკვე დაიწყო სწავლა, მიგვაჩნია, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოხდეს მასწავლებლების ტესტირება. ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს და ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვნახოთ სურათი არიან თუ არა მასწავლებლები ინფიცირებულნი, რათა არ მოხდეს შემდეგში სწრაფი გავრცელება. ამიტომ, „ევროპული საქართველოს“ სურს მიმართოს ჯანდაცვის მინისტრს, განათლების მინისტრს და უწყებათაშორის საბჭოს, რომ ეს საკითხი განიხილონ. მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, საქართველოსთვის და მათ შორის მასწავლებებისათვის, რომ ინფორმაცია არსებობდეს და მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები, გაირკვეს მასწავლებლებში ხომ არ არის დაინფიცირების მზარდი რაოდენობა“, – აცხადებს სერგი კაპანაძე.