წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საერთაშორისო პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის” განხორციელებისმიზნით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც პროექტის პარტნიორების – წყალტუბოს მუნიციპალიტეტისა და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ “სპექტრის” წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების საკითხები განიხილეს.
მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა სამიზნე თემებში ნარჩენების სეპარირების ტექნიკური აღჭურვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების საჭიროებებზე.
ასევე, შეხვედრაზე დაისახა სამოქმედო გეგმები ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების აქტიურად დანერგვისათვის, გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროგრამის რეალიზაციისა და დასუფთავების აქციების ორგანიზებისათვის, აქცენტი გაკეთდა კოვიდ-19- თან მიმართებით არსებული რეკომენდაციებსა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის აუცილებლობაზე.
„ცნობისთვის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი საერთაშორისო პროექტს “თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის” ახორციელებს, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის შავი ზღვის 2014-2020 წლების პროგრამის მიერ. პროექტი სრულად შესაბამისობაშია საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებთან და პასუხობს მთავრობის პრიორიტეტებს გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის სფეროებში.
პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება წყალტუბოს ცნობადობაც, რომელიც როგორც პროექტის წამყვანი პარტნიორი, თანამშრომლობს სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლობასთან და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ “სპექტრთან “. პროექტის მთლიანი ბიუჯეტია 780 701.00 ევრო, აქედან გრანტი – 718 244.92 ევროა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.