ხარაგაულში 7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე ატრაქციონის მოწყობა იგეგმება. ამ მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ქუთაისში მოქმედი შპს „ჯთ დიზაინ მეტალი“ ამ სამუშაოს შესრულებას 46 850 ლარად გეგმავს. ტენდერი მუნიციპალიტეტს 50 ათას ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.
კომპანიასთან ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება. ატრაქციონის მოწყობა ხარაგაულში ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
მშობლებისა და ბებია-ბაბუების თაობას კარგად ახსოვთ ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გამორჩეული იყო. ბოლო 30 წელია, ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში ბავშვებისათვის ატრაქციონი არ მოწყობილა.
აქ არსებული საქანელები და რკინის სასრიალო მწყობრიდანაა გამოსული და ბავშვებისათვის არც თუ უსაფრთხოა.
13 წლის ხარაგაულელ ნინო ტაბატაძეს მიაჩნია, რომ ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში არსებული „ატრაქციონები“ მისთვის ძალიან მოსაწყენია. მისი აზრით, კარგი იქნება, თუ ხარაგაულში ავტომატურად მოძრავ და მრავალფეროვან ატრაქციონებს მოაწყობენ.
12 წლის მარიამ დეკანოსიძეს ძალიან მოსწონს ზესტაფონში დამონტაჟებული სავარჯიშო ატრაქციონები და სურს, რომ ხარაგაულშიც ანალოგიური, ან მასზე უკეთესი მოეწყოს. მხოლოდ სასრიალო ან საქანელა ატრაქციონები მისი თაობის მოზარდებისთვის არც თუ ისე მიმზიდველია.
სატენდერო დოკუმენტაციაში ატრაქციონის შემდეგი ფოტოა განთავსებული, დავინტერესდით, როგორი ატრაქციონი მოეწყობა ხარაგაულში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლის, ზურაბ იჩქიტიძის, ინფორმაციით, ხარაგაულში არსებული ატრაქციონი შესაძლოა ფოტოზე გამოსახული ატრაქციონის მსგავსი არ იყოს.
„სატენდერო დოკუმენტაციაში ფოტო თვალსაჩინოებისთვის არის დამატებული. შეიძლება ატრაქციონი სხვანაირი დიზაინის გაკეთდეს. მწარმოებელი ქვეყანა კი შეიძლება იყოს გერმანია, ჩინეთი ან სხვა“, -ამბობსზურაბ იჩქიტიძე.