„თავისუფალმა საქართველომ“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

442

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ თავისუფალმა საქართველომ“ დღეს, გორის მაჟორიტარ კანდიდატად ნანა აღორძინება დაასახელა.

როგორც პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, „თავისუფალი საქართველო“ ამომრჩევლებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

„დღეს ჩვენ შიდა ქართლში ვიმყოფებით, რომელიც საქართველოს გეოგრაფიული ხერხემალია და ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული მემატიანე. სამწუხაროდ, ამ რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე ოკუპირებულია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან აბსოლუტურად მიტოვებული და იგნორირებულია. საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოქალაქეების ცხინვალში გატაცება, უკვე ჩვეულებრივ ნორმად იქცა. ოკუპანტებმა ქართველების გატაცება მომგებიან ბიზნესად აქციეს და ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში სძალავენ ფულს ეთნიკურად ქართველებს. არის უკანანო დაპატიმრების ფაქტებიც, რაზეც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, ისიც საუკეთესო შემთხვევაში საპროტესტო განცხადებებით იფარგლება“, – განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, აუცილებელია რომ ე.წ. „სასაზღვრო ზონაში“ ქართული მოსახლეობა თავს დაცულად გრძნობდეს.

„კარგად გვახსოვს ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, თუ რა დღის წესრიგი არსებობდა საქართველოში. მაშინდელი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ნომერ პირველი საზრუნავი კონფლიქტის ზონები იყო. დღე არ გავიდოდა, რომ ამ საკითხების განხილვა არ მომხდარიყო. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში კი, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მესამე ხარისხოვან პრობლემად იქცა, ვინაიდან, ხელისუფლებას, მხოლოდ საკუთარი ბიზნესინტერესები გააჩნია, ხოლო ტერიტორიული მთლიანობა, ვირტუალურ საკითხად იქცა, რომელიც ფარატინა ქაღალდების დოკუმენტირების დონეზეა დასული“, – აღნიშნა კუკავამ.

ნანა აღორძინებამ განაცხადა, რომ წინა და მოქმედი ხელისუფლელებების ქმედებები წარსულს უნდა ჩაბარდეს.

„ორი თვის შემდეგ ჩვენ ისევ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს, ოღონდ გამარჯვებული პოზიციიდან და ახალი ხელისუფლების პირობებში. ის რაც წინა და მოქმედმა ხელისუფლებებმა ჩაიდინეს, წარსულს უნდა ჩაბარდეს, თუმცა მეხსიერებამ აუცილებლად უნდა შემოინახოს, ვინაიდან, მსგავსი აღარასოდეს განმეორდეს. მზად ვარ ამისთვის თქვენთან ერთად, უკომპრომისოდ ვიბრძოლო და თქვენივე მხარდაჭერითა და თანადგომით დავამარცხო ის უმსგავსობა, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესების სრულ იგნორირებას გულისხმობს“, – განაცხადა ნანა აღორძინებამ.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.