დეპუტატებმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მოამზადეს, რომლის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ

558

დეპუტატებმა, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ, საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირეს, რომელიც გულისხმობს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვას.

ერთ-ერთი ცვლილება 28-ე მუხლის მეორე ნაწილს ეხება და გულისხმობს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებისთვის კიდევ 2 პუნქტის დამატებას. კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განმარტებით, დისციპლინარული პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ზომის სახით საარჩევნო ადმინისტრაციაში კომისიის წევრს უნდა შეეზღუდოს საქმიანობის უფლება 1-დან 2 წლამდე და ამასთანავე, ოლქისა თუ უბნის კომისიის თანამდებობის პირი, იქნება ეს თავმჯდომარე, მოადგილე თუ მდივანი, ამ პოზიციიდან უნდა იქნეს გათავისუფლებული და გახდეს კომისიის რიგითი წევრი.

არსებული რედაქციით, „საარჩევნო კოდექსის“ 28-ე მუხლის მეორე ნაწილით, დისციპლინური გადაცდომისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ შესაბამისმა ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: შენიშვნა; გაფრთხილება; თანამდებობრივი სარგოს/თანამდებობრივი სარგოს ნაწილის დაკავება; უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (გარდა პარტიების მიერ დანიშნული წევრისა).

„ალუდა ღუდუშაური, ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი და მე დღეს ვარეგისტრირებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ჩვენი მიზანი არის, რომ დაჩქარებული წესით საქართველოს პარლამენტმა განიხილოს ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“, კერძოდ, მის 28-ე მუხლის მეორე ნაწილში, რომელიც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს უკავშირდება და ჩვენ ამ საქმიანობის შედეგად გამოვავლინეთ, რომ ამ ზომების ჩამონათვალი მოქმედ კანონმდებლობაში არის საკმაოდ მწირი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ კიდევ 2 პუნქტი უნდა დაემატოს, ერთი ეს არის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში კომისიის წევრს შეეზღუდოს 1-დან 2 წლამდე საქმიანობის უფლება და მეორე არის, რომ კომისიის თანამდებობის პირი ეს იქნება ოლქის თუ უბნის, ეს იქნება თავმჯდომარე, მოადგილე თუ მდივანი, ამ პოზიციიდან იქნეს გათავისუფლებული და გახდეს კომისიის რიგითი წევრი.

ასევე, ჩვენ გადავხედეთ ადმინისტრაციული კუთხით კანონმდებლობას და ვნახეთ, რომ რიგ შემთხვევებში ჯარიმების მოცულობა არის საკმაოდ მწირი, ამ შემთხვევაში აქცენტი გვექნება 87-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება, რომელიც არ არის დადასტურებული შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი შესწორების ოქმით, −გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის დაჯარიმებას – თითოეულისა 500 ლარის ოდენობით.

ჩვენი ინიციატივით, მოხდება ამ ჯარიმის სანქციის გაორმაგება და გახდება 1000 ლარი. აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას სექტემბერში პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. დღეს ჩვენ ამას დავარეგისტრირებთ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვქონდა წერილობითი კომუნიკაცია ცესკოს ხელმძღვანელობასთან, რომლისგანაც მივიღეთ პასუხი, რომ მათთვის წარმოდგენილი ცვლილებები არის მისაღები და ისინი ემხრობიან მსგავსი დამატებითი ცვლილებების ასახვას მოქმედ კანონმდებლობაში,“- განაცხადა გივი მიქანაძემ.