დიმიტრი ლორთქიფანიძე დიდუბე-ჩუღურეთში იყრის კენჭს

1097

დიდუბე-ჩუღურეთში საინიციატივო ჯგუფის სახელით დიმიტრი ლორთქიფანიძე იყრის კენჭს. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, პოლიტიკური ტაიმაუტი დაასრულა და პოლიტიკურ ცხოვრებას უბრუნდება.

„მიუხედავად იმისა, რომ 3 წლის წინ პოლიტიკური ტაიმაუტი ავიღე და დრო მთლიანად დავუთმე სახალხო დიპლომატიის სამოქალაქო პლატფორმის შექმნას, დიასპორულ ორგანიზაციებთან, საქართველოდან წასულ თანამემამულეებთან საქმიან და სასარგებლო კონტაქტების ძიებას, ვთვლი, რომ მთელი ეს წლები სწორედ პოლიტიკური კლასის ამაღლებასა და უაღრესად მნიშვნელოვანი გამოცდილების შეძენას მოხმარდა. როგორც უფლებადამცველი, სახალხო დამცველობის ხალხისგან მხარდაჭერილი და ხელისუფლებისგან უარყოფილი კანდიდატი, ყოველთვის ვალდებულად ვთვლიდი თავს ადამიანის რეალური კონსტიტუციური უფლებებისთვის ბრძოლა არა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში, არამედ პოლიტიკურ პრიზმაში გამეტარებინა და მებრძოლა ამ იდეალებისთვის“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისივე განცხადებით, დღეს, როცა მსოფლიო პანდემიურმა ისტერიამ შეცვალა ჩვენი ცხოვრება და ამის ფონზე, წლების წინ საქართველოში დაწყებული სოციალური ექსპერიმენტების ლაბორატორიიდან პრაქტიკულ საქმეზე გადავიდა გაბატონებული პოლიტიკური ლიბერალური სისტემა და უკვე სახელმწიფოს მშენებლობის მთავარ კომპონენტს-ოჯახს შეეხო, სახელმწიფოს მთავარ საყრდენს ეკლესიას ომს უცხადებენ და ამცირებენ მომავალი თაობების თვალში, ისღა დარჩენია ხმა ამოიღოს.

„შევდივარ პოლიტიკურ ბრძოლაში არჩევნების გზით, როგორც დამოუკიდებელი და უპარტიო კანდიდატი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის სახელით“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთში ასევე კენჭს იყრიან – “ქართული ოცნების” კანდიდატი გია ვოლსკი, “გაერთიაეული ოპოზიციიდან “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე, “მოძრაობა ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე და “ლელოს” წევრი ლევან სამუშია.