ირმა ინაშვილი: მე ვიქნები თბილისში მაჟორიტარი, ყველა ოლქში დავაყენებთ კანდიდატებს

600

პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში თბილისის ერთ-ერთი უბნის მაჟორიტარობის კანდიდატის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში ილაპარაკა.

„საგარეჯოს და დედოფლის წყაროს საპატიო მოქალაქე ვარ, მაგრამ კენჭს თბილისში ვიყრი“, – აღნიშნა ინაშვილმა.

მისი თქმით, 8 სექტემბერს დაგეგმილ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი, კონკრეტულად დედაქალაქის რომელ უბანში დააყენებს მაჟორიტარ დეპუტატად თავის კანდიდატურას.

“ჩვენს სიაში ძალიან ბევრ ახალ სახეს იხილავთ. საინტერესო გეგმები გვაქვს ქალბატონ ადა მარშანიასთან დაკავშირებით. ამ ოთხი წლის მანძილზე მან უდიდესი სამუშაო გასწია. სიაში ვის იხილავთ. ამას 8 სექტემბერს ნახავთ.

მე ვიქნები თბილისში მაჟორიტარი, მე ვერ ვახერხებ გასვლას რეგიონში. შემეძლო ბევრგან დამეყენებინა, მაგრამ თბილისში უნდა ვიყო, რომ ვიბრძოლო. მაჟორიტარობის კანდიდატებს მე ყველგან დავაყენებ,” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.