ქუთაისში კულტრული მემკვიდრეობის ძეგლის დამზიანებელს 10 თვეა “ეძებენ”

394
ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის ფასადი, რომელიც 10 თვის წინ დაზიანდა, ამ დრომდე  მოუწესრიგებელია. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
შენობა “ქართული ოცნების” აქტივისტებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და “გაერთიანებული ოპოზიციის”  წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების დროს, გასული წლის 29  ნოემბერს, დაისვარა.

კვერცხებითა და საღებავებით დასვრილი ფასადის მოწესრიგება ქუთაისის მერიას მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაავალა, თუმცა ახლა სააგენტოში ამბობენ, რომ ჯერ უშუალოდ იმ პირების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, ვინც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანა.

“აღნიშნულთან დაკავშირებით წერილობით მივმართეთ პოლიციის სამმართველოს, რომ მიგვეღო პასუხი თუ რა გარემოებებში მოხდა და ვინ მიაყენა დაზიანება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. შესაბამისად, განგვესაზღვრა პასუხისმგებლობა. მათი პასუხი არ მიგვიღია. დაზიანება ვინც მიაყენა ის უნდა გამოვკეთოთ. თუ არ დადგინდება, ალბათ, მერიას მოვთხოვთ გაწმენდს”.
თუმცა, თავდაპირველად რატომ  დაავალეს მერიას შენობის ფასდის მოწესრიგება, ამაზე სააგენტოში  პასუხი არ აქვთ.

ცისფერყანწელთა ქუჩაზე მდებარე კულტურულის სტატუსის მქონდე შენობას, რომელშიც გაერთიანებული ოპოზიციის ოფისია განთავსებული, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა გასული 29 ნოემბერს, აქციაზე საღებავები, კვერცხები და ცოცხები დაუშინეს.

შენობას ძეგლის სტატუსი 2007 წელს მიენიჭა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უსაფრთხოებას იცავს და არეგულირებს კანონი “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი”. ძეგლზე ნებისმიერი არაკანონიერი ქმედება კანონით დასჯადია და ითვალისწინებს ჯარიმას სხვადასხვა ოდენობით.