NDI-მ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ოქტომბრის არჩევნებისთვის.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის განმარტებით, საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის ჩამოყვანასთან დაკავშირებული რისკები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული.
მათი განმარტებით, გლობალური პანდემია კვლავ არ ექვემდებარება კონტროლს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს გადაწყვეტილება სწორედ არსებული საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით და სადამკვირვებლო მისიის ჩამოყვანის რისკებიდან გამომდინარე, ასევე არსებულ გარემოში პარტნიორებისა და საკუთარი ორგანიზაციის ამ რისკებთან გამკლავების შესაძლებლობის გათვალისწინებით მიიღეს.
მათივე ცნობით, წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დეტალურ ანგარიშზე დაყრდნობით, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი გეგმავს ყურადღებით შეისწავლოს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინმსწრები და თანმდევი პროცესები.
„NDI გააგრძელებს არჩევნებზე დაკვირვებას და ამ პროცესში, საქართველოში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას, NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით ვირტუალურად ჩატარებულ წინასაარჩევნო ანალიზსა და საერთაშორისოდ აღიარებულ სადამკვირვებლო სტანდარტებს დაეყრდნობა. ამასთანავე, NDI, ტრადიციულად, მჭიდროდ ითანამშრომლებს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან.
სექტემბრის პირველი ნახევრიდან NDI-ის გრძელვადიანი ანალიტიკოსების მისია მუშაობას შეუდგება ისეთ საკვანძო საარჩევნო საკითხებზე, როგორიცაა: საარჩევნო ადმინისტრაცია, პოლიტიკური კამპანიები, გენდერი და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა, მედია და დეზინფორმაცია.
გრძელვადიანი ანალიტიკოსები, საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით, დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ და NDI-ის წინასაარჩევნო ანგარიშში ასახული მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სხვა მიმდინარე საკითხებს დააკვირდებიან. NDI გამოსცემს შუალედურ ანგარიშს, რომელიც წინასაარჩევნო ანალიზსა და ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მიღებულ ინფორმაციას დაეფუძნება.
არჩევნებიდან რამდენიმე დღეში NDI მესამე ანგარიშს გამოსცემს, რომელიც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვირტუალურ რეჟიმში NDI-ს პრეზიდენტ დერეკ მიტჩელის ხელმძღვანელობით გამართულ მაღალი დონის შეხვედრებს დაეყრდნობა. საარჩევნო ანგარიშში მთლიანი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა იქნება ასახული (კამპანიის პერიოდისა და არჩევნების დღის ჩათვლით) და საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მედიის, დამკვირვებელთა ჯგუფების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაეფუძნება.
საბოლოო ანგარიშში ასევე ასახული იქნება NDI-ის გრძელვადიან ანალიტიკოსთა შეფასებები და ის მონაცემები, რომლებსაც NDI ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან მოიპოვებს. NDI მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო პარტნიორებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და ადგილობრივ დამკვირვებლებთან. NDI მადლიერებას გამოხატავს საქართველოს მთავრობის მიმართ იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ჩამოსაყვანად გადაიდგა. გვსურს, განსაკუთრებულად აღვნიშნოთ და პოზიტიურად შევაფასოთ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მიერ COVID-19 პანდემიის შესაკავებლად გაწეული ძალისხმევა. ასევე, მადლობას ვუხდით არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს NDI-ის ვირტუალურად ჩატარებული წინასაარჩევნო შეფასების გუნდთან თანამშრომლობისთვის“- ნათქვამია NDI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.