რომელმა პარტიამ დაიწყო ოზურგეთში წინასწარ საარჩევნო-სააგიტაციო პლაკატების გაკვრა

780

2 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, როცა განიხილეს საკითხი, სააგიტაციო მასალის განთავსების რეგულირების შესახებ, სადისკუსიოდ იქცა, საბავშვო ბაღების შენობებზე და ღობეებზე სააგიტაციო მასალების გაკვრა. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.

საკრებულოს წევრების წინააღმდეგობის შედეგად, სხვადასხვა შენობა-ნაგებობების, სახელმწიფო ხელისუფლების თუ მუნიციპალიტეტის ორგანოების, პროკურატურის და პოლიციის შენობების გარდა, სააგიტაციო მასალების  გაკვრა აიკრძალა საბავშვო ბაღების  შენობებსა და ღობეებზე.

“ამ პანდემიის პირობებში, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მასწავლებლებს ნუ გავუჩენთ ახალ თავსატეხს  და სამუშაოს, რომ შემდეგ ეს შენობები და ღობეები გაწმინდონ. იცით, რომ ტოვებენ და ერთეულები თუ ასუფთავებენ კედლებს”, –  განაცხადა საკრებულოს წევრმა, ლელა საჯაიამ.

“სანამ საარჩევნო კამპანია დაიწყება, მანამ რომ არის გამოკრული სააგიტაციო მასალა, იმას რა ეშველება? ვერ ხედავთ, რომელი პარტიები აკრავენ?” – თქვა საკრებულოს წევრმა, მარიკა   ჩხიკვიშვილმა. მას სხვა დეპუტატებიც დაეთანხმნენ და საუბარში გაარკვია, რომ „ევროპულმა საქართველომ“ უკვე, კარგა ხანია, „ააჭრელა“ ელექტროსადენების  ბოძები.

“რა დააშავა ელექტრობოძებმა, ეს გამძღარი სახეები რომ არ გამოაკრათ?” – იკითხა საკრებულოს წევრმა ლეიბორისტული პარტიიდან, დავით მამალაძემ. კოლეგებმა მას მხოლოდ სიცილით უპასუხეს.

„გურია ნიუსი“ პარტია „ევროპული საქართველოს“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მიხეილ გოგოტიშვილს ესაუბრა.

“საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, სანამ არჩევნები გამოცხადდება, პარტიებს აქვთ უფლება განათავსონ სააგიტაციო მასალა. ვინც არ იცის, სხვა საკითხია. ხოლო როცა არჩევნების თარიღი გამოცხადდება, მერე საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას,  სად შეიძლება განთავსდეს სააგიტაციო მასალა არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პარტია, სააგიტაციო მასალას ვაკრავთ ისეთ ადგილზე, რომელიც არის მითითებული  დადგენილებაში. თუმცა, შევინარჩუნეთ ის  ადგილები,  რომლებიც წინა წლებში იყო გათვალისწინებული”, – განაცხადა გოგოტიშვილმა.