ტენდერი გამოცხადდა წალენჯიხის სოფელ ნაკიფუში წყლის სისტემის აღდგენაზე, სადაც წლებია მოსახლეობა წვიმის წყლით ცხოვრობს

404

წინა სტატია

ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში, წყალსადენის სისტემის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს. სამუშაოების შესყიდვაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სოფელს წლებია წყლის პრობლემა აქვს და ადგილობრივებს 12 კილომეტრის გავლა უწევთ მუნიციპალიტეტის ცენტრამდე, წყლის წამოსაღებად. მათი ნაწილი კი, ვისაც ტრანსპორტი არ აქვს, რათა დასალევად და ყოველდღიური მოხმარებისთვის დიდი კასრებით და სხვადასხვა მოცულობის ჭურჭლით მოზიდოს წყალი, დღემდე წვიმის წყალს მოიხმარს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 717 118 ლარია. თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.

მოსახლეობის საჭიროებაზე “ლაივპრესმა” მასალა 18 ივნისს მოამზადა.

სოფელში ჭაბურღილი 2016 წელს გაკეთდა, თუმცა მალევე მწყობრიდან გამოვიდა ისე, რომ შეკეთებას არ ექვემდებარება.

ადგილობრივები შარშან მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ. ვითარება აუხსნეს და ფოტო-მასალაც უჩვენეს. ამასთან, მიმართეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს დახმარების თხოვნით. უკვე 2019 წლის დეკემბერში ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებაზე ტენდერი გამოცხადდა, თუმცა ამ ყველაფერს შემდეგ განვითარება არ მოჰყოლია.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა კი “ლაივპრესს” უთხრა, რომ რეკონსტრუქციის პროექტი მზად ჰქონდათ და რეგიონული განვითარების ფონდისგან დაფინანსებას ელოდებოდნენ. ბესიკ ფარცვანიას თქმით, პროცესები თავის დროზე კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა შეაჩერა.

დახმარების თხოვნით ადგილობრივები მაშინ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ზუგდიდის ოფისსაც დაუკავშირდნენ. ორგანიზაციის “სამოქალაქო საბჭოების” წევრები ადგილზე გაეცნენ ვითარებას. შეაგროვეს ხელმოწერები და 26 მაისს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე წალენჯიხის მერიას მიმართეს.