წალენჯიხის სოფელ ნაკიფუს მოსახლეობა უკვე 27 წელია წყლის პრობლემას უჩივის. წყაროები და ღელეები, რომლებიც ადრე ოჯახებს პერიოდულად ამარაგებდა, დაშრა. დამშრალია ჭებიც. წყლის მოსატანად ადგილობრივებს 12 კილომეტრის გავლა, მუნიციპალიტეტის ცენტრამდე უწევთ. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
მოქალაქე ნათია კვარაცხელიამ, რომელსაც სოფელში ძირი სახლი აქვს, თუმცა, თბილისში ცხოვრობს და აქაურობას დროდადრო აკითხავს, “ლაივპრესს” უთხრა, რომ პრობლემები სამოქალაქო ომის და მხედრიონის შემოსვლის შემდეგ დაიწყო, რა დროსაც ბევრი რამ გაიძარცვა. გარკვეული ხანი წყალს ღელედან ეზიდებოდნენ. მერე ეს წყალიც დაილია. ბოლო ექვსი წელი კი სოფლის მცხოვრებლები ყოველ მესამე დღე, ისინი, ვისაც მანქანა აქვს, წალენჯიხის ცენტრამდე ჩადიან ცისტერნებით და დიდი ზომის ბოთლებით. ვისაც მანქანა არ აქვს, ის წვიმის დროს, სახურავებიდან ჩამოსულ წყალს აგროვებს და იყენებს როგორც სასმელად, ისე საჭმლის მოსამზადებლად და დასაბანად.
შარშან სახანძრო-სამაშველო სამსახურსაც სთხოვეს დახმარება წყლის ამოსატანად, რომ ოჯახებისთვის დაერიგებინათ. დღეს, მოქალაქის თქმით, მხოლოდ ერთ ჭაშია წყალი, თუმცა, ისიც შრება. სოფელში წყლის ხარისხს არავინ ამოწმებს. მისი თქმით, აქვთ ეჭვი, რომ თხილის შეწამვლის შედეგად შესაძლოა ნიადაგი იყოს დაბინძურებული და წყალიც დააბინძუროს.
ნათია კვარაცხელია ამბობს, რომ სოფელში 2016 წელს ჭაბურღილი გაკეთდა, თუმცა, მალევე მწყობრიდან გამოვიდა ისე, რომ შეკეთებას არ ექვემდებარება.
შარშანვე მოქალაქემ ღია წერილით მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს.
პრობლემის მოგვარებას, როგორც რესპოდენტი ამბობს, დიდი თანხა სჭირდება, რისი შესაძლებლობაც, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში განუმარტეს, არ აქვთ და ცენტრის დახმარება სჭირდებათ.
“2019 წლის დეკემბერში ჩხუბ-ჩხუბით პირველი ტენდერი ჩავატარებინეთ, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური დახასიათება მომზადებულიყო. მერე უნდა დაწყებულიყო სამუშაოები მარტის ბოლოს. მაგრამ კორონავირუსი დაემთხვა და ახლა ამბობენ, რომ ამის ბიუჯეტი არ გვაქვსო. ვერ გავეკთებთო. საარჩევნო წელსაც გადააგდეს ეს ხალხი”, – აღნიშნა ნათია კვარაცხელიამ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, პროექტი უკვე მზად არის და დღეს რეგფონდიდან დაფინანსებას ელოდებიან. პროექტის ღირებულება 600 ათას ლარამდეა.
ბესიკ ფარცვანიას თქმით, პროცესები კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა შეაჩერა. ახლა, მისი განმარტებით, ახალი ბიუჯეტის ფორმირება მიმდინარეობს, ამის შემდეგ ეცოდინებათ ზუსტი პასუხი, გამოინახება თუ არა წელს პრობლემის მოსაგვარებლად სახსრები.
“მე როცა მოვედი გამგებლად, მერად, მაშინ იყო იქ წყალი. ჭაბურღილის მოწყობის მერე დებეტი დაიკარგა და ჭაბურღილიც უმოქმედო გახდა. წყალი არ არის და ვეძებდით ალტერნატიულ გზებს. ვიპოვეთ ალტერნატივა წყაროს წყალი, საიდანაც უნდა მოეწყოს სატუმბი სადგური და იქიდან უნდა მოხდეს მიწოდება. ვნახოთ. ხელი არ გვაქვს ჩაქნეული. შეიძლება წელსაც გამოინახოს თანხა”, – ამბობს მერი.
ბესიკ ფარცვანიას თქმით, გუშინ მოსახლეობას ცისტერნებით 5 ტონა წყალი გაუგზავნეს და როცა კი ამის საჭიროება ექნებათ, ისევ გაუგზავნიან.
თუკი დაფინანსებისთვის თანხას ვერ მოიძიებენ, მაშინ, განმარტა, რომ სწორედ ასე მოუწევს მოსახლეობას ამ ზაფხულის გადატანაც.
“რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში” აცხადებენ, რომ ყოველწლიურად რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან თანხები ნაწილდება მუნიციპალიტეტზე წინასწარ განსაზღვრული ლიმიტების შესაბამისად. კერძოდ, სამინისტროს განმარტებით, გამოყოფილი თანხით ფინანსდება ის პროექტები, რომელსაც ესა თუ ის მუნიციპალიტეტი თავად მიიჩნევს პრიორიტეტულად.
“კონკრეტული პროექტის შერჩევაში, ან მისთვის პრიორიტეტულობის მინიჭებაში სამინისტრო არ არის ჩართული. წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტს გამოეყო 3,222,228 ლარი, რომლითაც დაფინანსდა 7 პროექტი.
შესაბამისად, ფონდიდან მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული თანხით ამა თუ იმ პროექტების დაფინანსება ხდება მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიერ ასეთი პროექტისთვის პრიორიტეტულობის მინიჭების საფუძველზე”, – განმარტეს სამინისტროში.