საია: თავდაცვის სამინისტროს მიერ ჰოსპიტალის ვალის ჩამოწერა წინასაარჩევნო მანიპულაციაა

530

წინა სტატია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, თავდაცვის სამინისტროს მიერ მოქალაქეების ნაწილისთვის სამხედრო ჰოსპიტალის დავალიანების ჩამოწერა, წინასაარჩევნოდ მოქალაქეთა მძიმე სოციალური პირობებით მანიპულაცია და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა.

საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ინიციატივა შეუმსუბუქოს მოქალაქებს ფინანსური წნეხი მისასალმებელია, თუმცა, არჩევნების წინ ამ ნაბიჯის გადადგმა ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილი მანიპულაციის შთაბეჭდილებას ტოვებს.

“მინისტრს ამის გაკეთება კენჭისყრის დღის შემდეგაც შეეძლო. აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივის გასაჯაროების დრო, წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების წინა დღეა. ეს კიდევ ერთი მანიპულაციაა. ხელისუფლებამ ამით თავი აარიდა იმ რეგულაციებს, რომელიც მას ამ დროს ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებას უკრძალავს. საიას მიიჩნევს, რომ მოქალაქეების მძიმე სოციალური პირობების საარჩევნო მიზნით გამოყენება მიუღებელია”.- წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

31 აგვისტოს თავდაცვის მინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ 2009 წლიდან სხვადასხვა მომსახურების გამო დავალიანება ერიცხებათ, ჩამოეწერებათ.

“თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, მოქალაქეებს, რომლებსაც სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ ხანდაზმული დავალიანება (სამი და მეტი წელი) გააჩნიათ 1 მლნ 600 ათასი ლარი ჩამოეწერებათ. ასეთი მოქალაქეების რაოდენობა 1000-მდე ადამიანს შეადგენს”.- აცხადებენ უწყებაში.