მარნეულის სოფელ შაუმიანში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობისთვის 1 826 764 ლარი დაიხარჯება

1021

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ შაუმიანში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა.

მარნეულის მერია შაუმიანში სასმელი წყლის ქსელის მოწყობას 1 826 765 ლარად გეგმავს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შაუმიანში სასმელი წყლის გასაყვანად სოფელში ასფალტის საფარის დემონტაჟი გახდება საჭირო. სასმელი წყლის მილების გაყვანის შემდგომ კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, რომ ასფალტის საფარი დააგოს.

„დაქლორვის სადგურის ადგილია წყლის რეზერვუარი, რომელიც განთავსებულია სოფელ შაუმიანში. სასმელი წყლის დეზინფექციის მიზნით სადგური აღიჭურვება კალციუმის ჰიპოქლორიტის ( Ca(OCl)2 ) დოზირების სისტემით. სისტემაში ფხვნილის ან ადვილად ხსნადი მარცვლოვანი ფორმის კალციუმის ჰიპოქლორიტი (Ca(OCl)2 ) გაიხსნება დამზადების ავზში, შემდეგ კი მოხდება მისი დალექვა და გადადენა შესანახ ავზში, რომელთანაც მიერთებულია დოზირების ტუმბოები. მოწოდების კომპლექტში შედის მთლიანი სისტემა უსაფრთხოების ყველა მოწყობილობის ჩათვლით, რომლებიც ყოველგვარ პირობებში უზრუნველყოფენ სისტემის საიმედო და გამართულ მუშაობას,“ – აღნიშნულია შაუმიანის სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის პროექტში

მარნეულის მერიამ ტენდერი 25 აგვისტოს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 10-დან 15 სექტემბრამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 270 დღეში უნდა დაასრულოს.