აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე საბოლოო ნებართვის გასაცემად, გარემოს დაცვის სამინისტროში დოკუმენტაციის განხილვა მიმდინარეობს. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, 50 მილიონიან პროექტის მშენებლობა დაიწყება, თუმცა, პარალელურად, გარემოსდამცველებს პროექტთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი აქვთ შეტანილი. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
აბასთუმნის შემოვლით გზაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯეუ გრუპი“ სამუშაოების დაწყებისთვის შესაბამის „დავალების წერილს“ ელოდება. დოკუმენტი მან საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან უნდა მიიღოს, რადგან შემსყიდველი სწორედ ისაა: „ჯერ-ჯერობით ადგილზე სამუშაოები არ დაწყებულა, გზების დეპარტამენტისგან ველოდებით დავალების წერილს, რომ დავიწყოთ სამუშაოები. ჩვენ მათ გარეშე ვერ დავიწყებთ. ყოველდღე ველოდებით ამ წერილს, მგონი გზშ-ს გეგმას ელოდებიან და შემდეგ უკვე მოგვწერენ“, – ამბობს „ჯეუ გრუპის“ ხელმძღვანელი ნინო კიკაბიძე.
თავის მხრივ, შემსყიდველი ანუ საავატომობილო გზების დეპარტამენტი მშენებლობის ნებართვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ელოდება.
უწყებამ გზების დეპარტამენტს ბოლოს 2020 წლის 17 ივნისს მიმართა და „აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე“ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა მოსთხოვა. ექვსგვერდიან წერილში სამინისტრო ითხოვს დეპარტამენტმა დააზუსტოს რამდენიმე საკითხი, მათ შორის ვკითხულობთ:
– წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული სკოპინგის დასკვნით მოთხოვნილი ინფორმაცია: მაგალითად, გზშ-ში არ ჩანს, მიმართულებების ალტერნატივების განხილვისას რატომ იქნა უარყოფილი პროექტის პირველი მარშრუტი (ბაღდათი-ხაშური-აბასთუმანი), ბიომრავალფეროვნებაზე და დაცულ ტერიტორიებზე ზემოქმედების თვალსაზრისით…
– გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი ზემოქმედების შეფასების ნაწილი ხშირ შემთხვევაში ზოგადია, მომზადებულია დაშვებებზე დაყრდნობით და აკლია მყარად დასაბუთების ნაწილი…
– წარმოდგენილი ინფორმაცია სუსტი და ზოგადია. მაგ: წითელი ნუსხის სახეობებზე შემარბილებელ ღონისძიებებში წავთან მიმართებით აღნიშნულია, რომ სოროების აღმოჩენის შემთხვევაში, საჭიროა მართვის გეგმის მომზადება და ინჟინერის მიერ დამტკიცება. კავკასიურ ციყვთან მიმართებით გაურკვეველია შემდეგი წინადადება „ტყის ზონების შემოვლა ძირითადად გვირაბებით ხდება“. მურა დათვთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ მხოლოდ მიგრაციის დროს შეიძლება შეგვხვდეს და საბინადრო ადგილი არ არის, მაშინ როდესაც კვლევის დროს ორჯერ იქნა ნანახი. რაც შეეხება კეთილშობილ ირემს, შემარბილებელ ღონისძიებაში ირმის ნაცვლად საუბარია ფოცხვერზე, რაც საჭიროებს გასწორებას…
– გზშ-ის ანგარიშში მითითებულია, რომ ჭრას დაექვემდებარება 21 015 ძირი ხემცენარე, მათ შორის 234 ძირი იქნება საქართველოს წითელი ნუსხით დაცული (მაღალმთის მუხა 212 ძირი, ბალამწარა 22 ძირი). აღნიშნულთან დაკავშირებით, საჭიროა პროექტის განმახორციელებელმა, საპროექტო ტერიტორიის ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრების შედეგად, გარემოდან ამოღებული ხე-მცენარეების საკომპენსაციოდ განახორციელოს მონეტარული კომპენსაცია…
– დოკუმენტში კვლავ მოცემულია სხვა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, მაგალითად: გზის არსებობა დიდი ძუძუმწოვრებისთვის ფიზიკურ ბარიერს არ წარმოადგენს, თუმცა ამავე წინადადებაში აღნიშნულია, რომ „სუნი, ხმაური და მანქანების მოძრაობა აიძულებს სახეობებს რომ მოშორდნენ გზას“, რითაც დასტურდება რომ გზა წარმოადგენს ცხოველებისთვის ხელოვნურ ბარიერს და იწვევს მათი ჰაბიტატის ფრაგმენტაციას, ასევე გადაადგილების შეზღუდვას…
– ზურმუხტის ქსელზე ზემოქმედების შეფასებას (ზზშ), არ არის ხარისხიანი. მაგალითად დაუსაბუთებელია ისეთ სახეობებზე, რომელიც კვლევის დროს დაფიქსირდა (მურა დათვი, მგელი) „ზემოქმედების მნიშვნელობის“ გრაფაში არ არის მითითებული , რომ მნიშვნელოვანი ზემოქმედება არ ექნება პროექტს და დამატებითი შემარბილებელი ღონისძიებების გატარება არ არის საჭირო, მაშინ როცა სხვა სახეობებზე, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც კვლევის დროს არ დაფიქსირებულა (მაგ: ხელფრთიანები) ზემოქმედება საშუალო მნიშვნელობისაა და შემოთავაზებულია სხვადასხვა შემარბილებელი ღონისძიებები. ასევე ზოგადად გაურკვეველია სახეობებზე ზემოქმედების გრაფაში რა პრინციპით იქნა შერჩეული ზემოქმედების მნიშვნელობად „უმნიშვნელო“ და „დაბალი მნიშვნელობის“….
სამინისტრომ შენიშვნებზე პასუხის გასაცემად დეპარტამენტს ორი თვიანი ვადა მისცა. დეპატრამენტმა კი, დამატებითი ინფორმაცია უწყებას 20 ივლისს წარუდგინა. „დაზუსტებული ინფორმაცია საგზაო დეპარტამენტიდან შემოსულია, მაგრამ ახლა არის განხილვის პროცესში, ჯერ-ჯერობით ნებართვა გაცემული არ არის“, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.
სწორედ ამ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვა მიმდინარეობს ამ ეტაპზე გარემოს დაცვის სამინისტროში, რის საფუძველზეც უწყებამ გზის მშენებლობის შესახებ ნებართვა უნდა გასცეს.
კიდევ ერთი საკითხია ისიც, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ საავტომობილო გზების დეპარტამენტს დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” შენიშვნებიც გაუგზავნა.
ეს ორგანზიაცია არა მხოლოდ აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობას აპროტესტებს, არამედ მან სამინისტროს სასამართლოში სკოპინგის გადაწყვეტილების გაცემის გამოც უჩივლა.
უკვე რამდენიმე თვეა თბილისის საქალაქო სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით პროცესი არ ჩანიშნულა: „არ დაწყებულა ჯერ სასამართლო პროცესები, მოსამზადებელიც არ ყოფილა, პანდემიის გამო სხდომები არ ინიშნებოდა და მერე აგვისტოც მიება. სკოპინგის გადაწყვეტილება გვაქვს ჩვენ გასაჩივრებული“, – ამბობს „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელი ნინო გუჯარაიძე.
აბასთუმანში შემოვლითი გზის მშენებლობა, 2018 წელს, მას შემდეგ გადაწყდა, რაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში ორი კვირით ისვენებდა.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ აბასთუმანში „ექსპერიმენტის“ ჩატარებას აპირებდა და ელექტრომობილები უნდა შეეყვანა, ამიტომ აქ სხვა ტრანსპორტი ვერ იმოძრავებდა.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადების შესაბამისად, უკვე დაწყებული ბაღდათი–აბასთუმნის გზის სამშენებლო სამუშაოების პროექტი შეჩერდა. აღნიშნული პროექტით გზის 60 კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება მოხდებოდა და ამისთვის 60 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო. ამ პროექტით სამუშაოები 2020 წელს დასრულდებოდა. თუმცა დაიგეგმა ახალი პროექტი, რომლის განხორციელებაც ახლა, 2020 წლიდან დაიწყება.