„ნაციონალური მოძრაობა” პლენარულ სხდომაში, სადაც „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს უყრიან კენჭს, მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი პარტიის წევრები მონაწილეობას არ მიიღებენ იმ პლენარულს სხდომაში, სადაც „საარჩევნო კოდექსის” ცვლილებები უნდა დაამტკიცონ, რადგან, მისი შეფასებით, მთავრობის კანონპროექტი არაფერს ცვლის.
„არ ვაპირებთ, „ქართულ ოცნებას” შევუქმნათ კომფორტი, რომ ის ცვლილებები, რომელიც წარმოადგინეს და რეალურად არაფერს ცვლის, ვაქციოთ ლეგიტიმურ საკითხად და მონაწილეობა მივიღოთ პლენარულ სხდომაში, რომელიც დაამტკიცებს აღნიშნულ ცვლილებებს, რადგან რეალურად მთავრობის პროექტი არაფერს არ ცვლის”, – განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „საარჩევნო კოდექსსა“ და „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ალტერნატიული წინადადება მოამზადა, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დეტალურად გაიწეროს და დაკონკრეტდეს ისეთი ჩანაწერები, როგორიცაა: არჩევნების ფარულობის დარღვევა და შესაბამისი სანქცია. კანონპროექტის თანახმად, კანონში გაჩნდება იმპერატიული ჩანაწერი, რომ „აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, მათ შორის ნებისმიერი ფორმით ამომრჩევლის აღრიცხვა (ამომრჩევლისათვის პირადობის მოწმობის ან/და მისი ასლის მოთხოვნა/ჩამორთმევა, ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიებით მანიპულირება), ამომრჩევლის ნებისმიერი ფორმით იდენტიფიცირება და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე, ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას”.
ცვლილებების პროექტის თანახმად, კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 მეტრის რადიუსით, აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია, ნებისმიერი სახის შეკრება, რომელიც შესაძლოა მიმართული იყოს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ზემოქმედების მოსახდენად აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ამავე დროს, წარმოდგენილი პროექტით, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვის დარღვევაზე მიეთითება, რომ აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.