სკოლებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების მისამართით გაცემული რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, საგანმანათლებლო დაწესებულება დაიკეტოს

696

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სკოლებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების მისამართით გაცემული რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, ფაქტებზე სახელმწიფოს ექნება მყისიერი რეაგირება, მათ შორის, შესაძლოა, საგანმანათლებლო დაწესებულებაც დაიკეტოს.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„არაერთხელ, ჩემს კომუნიკაციაში, ვეცადე განმემარტა, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ, პირველ რიგში, საკუთარი პასუხისმგებლობა ავიმაღლოთ და რეკომენდაციებიც აღმოჩნდეს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სწორად ვითანამშრომლოთ და ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრება. რა თქმა უნდა, ამ ეტაპისთვის, ეს ყველაფერი არის სარეკომენდაციო ხასიათის, ვინაიდან, ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება, არც სკოლებზე, არც მასწავლებლებზე, არც მოსწავლეებსა და არც მშობლებზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული გადაცდომები გამოიკვეთა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება, რათა ჩვენი ბავშვები უსაფრთხო გარემოში განაგრძობდნენ სწავლას.

რაც შეეხება რეაგირებას, რეაგირება იქნება შემდეგი, რომ საჭირო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაიხურება სკოლა, ყველა სანიტარული ნორმა გადაიხედება და აღსრულდება. გაეცემათ მათ დამატებითი რეკომენდაციები და ასევე, ჩაუტარდებათ დამატებითი ტრენინგები. შემდეგ მიეცემათ უკვე სწავლის განახლების საშუალება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.