კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსის 150-მდე მოსაცდელის სპეციალური ხსნარებით დამუშავება დაიწყო. პარალელურად ხორციელდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დეზინფექცია.
დილიდანვე სადეზინფექციო საშუალებებით ბათუმის ბულვარის სრული ტერიტორია მოირეცხა. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა სანაპიროს გასწვრივ არსებული პრომენადი, სასეირნო ბილიკები, ველობილიკი და სკამები.
ეტაპობრივად განხორციელდება 850-მდე მრავალბინიანი სახლის სადარბაზოებისა და ლიფტების სპეციალური ხსნარებით დამუშავება. ასევე დასუფთავების სამსახურის მიერ დეზინფექცია ჩაუტარდება სკვერებს, პარკებს, საბავშო ატრაქციონებსა და სპორტულ მოედნებს.
2 სექტემბერს ბათუმში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 22 შემთხვევა საკონდიტრო „დონას“ კლასტერს უკავშირდება.
ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 2-ის შესახებ ინფორმაცია, გუშინ, 2 სექტემბერს გავრცელდა. ერთი შემთხვევა #7 ავტობუსის მძღოლს უკავშირდება, მეორე კი სასტუმრო “დრიმლედ ოაზისის” სტუმარს. რაც შეეხება დანარჩენ 4 კოვიდინფიცირებულს, ერთი ინფიცირებული საკონდიტრო “დონას” თანამშრომლების კონტაქტია, ერთი თურქი მძღოლი, ერთი საკარანტინო კარანტინიდან და ერთიც ცხელების ცენტრიდან.
3 სექტემბრის მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს 49 პაციენტი, 2 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და გაეწერა.
3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 9-ით გაიზარდა.
ჯამში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 568-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 1 279 ადამიანი, გარდაცვლილი კი — 19. კარანტინის რეჟიმში რჩება 6 185 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 239 პაციენტია.