ვოლსკი: ხელისუფლებას სრული რესურსი აქვს, რომ არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალედ და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით

353

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ხელისუფლებას სრული რესურსი აქვს, რათა საპარლამენტო არჩევნები გამჭვირვალედ და მაღალი დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩატარდეს.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, დემოკრატიულ ქვეყანაში საარჩევნო კანონმდებლობის გამკაცრება საჭირო არ უნდა იყოს, თუმცა, მისი შეფასებით, ამის აუცილებლობა „ოპოზიციის აჟიოტაჟმა შექმნა“.

„ასეთი ცვლილებები, ზომების გამკაცრება დემოკრატიულ ქვეყანაში არც უნდა იყოს საჭირო, თუ არჩევნების წინ ადამიანების მიმართ რაიმე ზეწოლა განხორციელდა. მაგრამ ამის გარშემო ოპონენტების მიერ შექმნილი აჟიოტაჟი გვავალდებულებს, რომ პასუხი გავცეთ მათ ამ ბრალდებებს. ზოგადად, ყველამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნებზე ადამიანთა მიმართ რაიმე სახის ზეწოლა არის დასჯადი და ეს სასჯელი უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე გუშინ იყო. თუმცა, ხელისუფლება არა მხოლოდ განწყობილია, არამედ სრული რესურსი აქვს იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალედ და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს უყრიან კენჭს. კანონპროექტის თანახმად, არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი გავლენის მოხდენა ჯარიმით, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.