გეგი ლიპარტელიანმა თანამდებობა დატოვა, ვინ უხელმძღვანელებს რუსთავის მერიის ერთ-ერთ ა(ა)იპ-ს

607
რუსთავის მერია

რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრს გეგი ლიპარტელიანი აღარ უხელმძღვანელებს. ლიპარტელიანს დავით შანიძე ჩაანაცვლებს.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ა(ა)იპ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი დავით შანიძე თანამშრომლებს პირადად წარუდგინა. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.

ტაბაღუამ ა(ა)იპ-ის ახალ ხელმძღვანელს წარმატება უსურვა, გეგი ლიპარტელიანს კი გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც ა(ა)იპ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა დავით შანიძემ აღნიშნა, ჯერჯერობით, საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. რაც შეეხება შანიძის სამუშაო გამოცდილებას, მას სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება აქვს.

“მიმუშავია საბანკო სექტორში, საგამოძიებო სამსახურში, საგარეო საქმეთა სამინისტროში და მენეჯერულ პოზიციებზე საკმაოდ დიდი გამოცდილებით გახლავართ. იგეგმება ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა, რომელსაც მოგვიანებით უფრო კონკრეტულად გაგაცნობთ”, – განაცხადა შანიძემ.

შეგახსენებთ,  სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების სამსახურს გეგი ლიპარტელიანი 2018 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.