აბასთუმანში, ელექტრომობილების პარკინგის მოსაწყობად, საპროექტო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ტენდერში ისევ შპს „აბსოლუტ სერვისმა“ გაიმარჯვა. იგი საპროექტო დოკუმენტს 450 000 ლარად მოამზადებს. ზმი შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
დაბა აბასთუმნის შესასვლელში ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის მშენებლობის პროექტის მოსამზადებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 1-ელ ივლისს გამოაცხადა, 19 აგვისტოს კი, ხელშეკრულება შპს აბსოლუტ სერვისთან გააფორმა. კომპანიამ სამუშაოები 450 000 ლარად უნდა შეასრულოს.
ტენდერში მონაწილეობა სულ სამმა კომპანიამ მიიღო: ამხანაგობა არქიტექტორი +, „საქგზამეცნიერება”, შპს აბსოლუტ სერვისი. მათგან ბოლო ორი კომპანია ამავე ტენდერში გასულ წლებშიც მონაწილეობდა.
საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს:
• ღია ავტოსადგომის დაპროექტება 1 000 მანქანაზე. აქედან: 200 ავტოსადგომი, განკუთვნილი ელექტრო მანქანებისთვის, სადაც მომავალში დაპროექტდება 22kW ან მეტი სიმძლავრის დამტენი პორტალები, მათ შორის 100 ავტოსადგომი ელექტრო მანქანებისთვის უნდა იყოს გადახურული;
• შენობა ტრანსფორმატორის, ელექტრო გამანაწილებლებისა და ამომრთველებისათვის, დაახლოებით 60 მ 2 ფართის ასევე საკაბელო არხები, გარდამქმნელებიდან სატანფორმატორომდე და დამტენ მოწყობილობებთან დასაკავშირებლად, ზომებით დაახლოებით 80X80 სმ;
• 10 ავტობუსის ავტოსადგომი;
• ავტოსადგომის ტერიტორიაზე შესასვლელ/გამოსასვლელი გზების მოწყობა, შესაბამისი ინფრასტუქტურით, ნაგებობებით/კონსტრუქციებით. ასევე უნდა მოხდეს ცენტრალურ სამანქანო გზასთან ავტოსაგომის დაკავშირება ახალი ხიდით (ხიდებით) ისე, რომ არ გაწყდეს კავშირი საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ გრუნტის გზასთან;
• სამანქანო შესასვლელი შლაგბაუმით/ბოლარდებით (ავტომატური, მიწაში ჩამავალი);
• საფეხმავლო შესასვლელი და გასასვლელი;
• ავტოსადგომის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები და სხვა.
აბასთუმნის ავტოსადგომზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში თქვა, რომ აბასთუმნის ელექტრომობილების ქალაქად გადაქცევას გეგმავდა. შესაბამისად, პარკინგის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი პირველად 2019 წლის 18 აპრილს გამოცხადდა. ტენდერში მონაწილე ერთადერთმა კომპანიამ კი დისკვალიფიკაცია მიიღო.
მეორე ტენდერი 2019 წლის 21 მაისს გამოცხადდა. თუმცა ესეც ჩაიშალა, რადგან შესყიდვებში გამარჯვებულ კომპანიას – „ერთობლივი საქმიანობა აბსოლუტ სერვისი და კომპანია ბლექ სი გრუპს“ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულების დადებიდან შვიდი თვის შემდეგ, ხელშეკრულებაში ცვლილებების გატარება მოსთხოვა. რაზეც კომპანიისგან უარი მიიღო.
მესამედ გამოცხადებულ ტენდერში ამავე კომპანიამ კიდევ ერთხელ მიიღო მონაწილეობა და ამჟერად გაიმარჯვა.