გომისმთაზე მიწის მაძიებელთა რაოდენობამ სარეკორდო ნიშნულს მიაღწია

883

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომისმთაზე, იმ ადამიანთა რიცხვმა, ვინც მიიჩნევს, რომ მათი ოჯახის საკუთრებაში კურორტზე მიწის ნაკვეთი იყო და შესაბამისად ცდილობს ამ ნაკვეთის დარეგისტრირებას 5 ათასს გადააჭარბა – კონკრეტულად კი ამ წუთისათვის განაცხადი 5 408 ოჯახს აქვს შეტანილი და უფასო საკადასტრო აზომვით სამუშაოებს, შესაბამისად კი მიწის ნაკვეთის ოფიციალურად დარეგისტრირებას ითხოვს. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.

აღსანიშნავია, რომ გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ოზურგეთში, 4 ათასი ოჯახია („ენერგო პროს“ აბონენტთა რაოდენობა-რაც არსებულთან დღეის მდგომარეობით ყველაზე ზუსტი მაჩვენებელია), რეგისტრირებული, ხოლო გურიის ბრენდად ქცეულ, ქვეყნის მასშტაბით პოპულარულ კურორტ ბახმაროზე ასეთი მაჩვენებელი 4 ათასსაც ვერ აღწევს.

ბევრი მიიჩნევს, რომ წულუკიანის უწყების ეს ინიციატივა – საჯარო  რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ჯგუფების გამოგზავნა კურორტზე, მესაკუთრეების ჩართულობით, მიწის ნაკვეთებს სრულად  აზომვა  და საკუთრებაში დარეგისტრირება – წინასაარჩევნო პერიოდში მოქალაქეების გულისმოგებას ემსახურება-ოპოზიცია კი კიდევ უფრო შორს მიდის და იუსტიციის მინისტრს მოსახლეობის მოტყუებასა და ხმების მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს.

საინტერესოა, რომ იუსტიციის სამინისტროს უწყებებმა ყველა მაძიებლის დაკმაყოფილება რომც მოინდომოს, ამას ერთი უბრალო მიზეზის გამო ვერ შეძლებს-ამისათვის გომისმთის ტერიტორია არ ეყოფა.

5 000 მაძიებლის დაკმაყოფილებს და მათზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ კოტეჯების განთავსებას მინიმუმ ნახევარი მილიონი კვადრატული მიწა სჭირდება – რაც უბრალოდ, არ არის!

იუსტიციის მინისტრი ამ სამუშაოების დაწყებამდე, მანამ, სანამ ის საველე ჯგუფებს გამოგზავნიდა, კურორტ გომისმთაზე თავად იმყოფებოდა. სადაც შორიდან დაათვალიერა სოკოებივით წამოსული იმიტირებული დასასვენებელი სახლები და მხოლოდ დაინტერესებული პირების, მიწის მაძიებლების ნაწილს გაესაუბრა.

პოლიტიკურ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გასული წლიდან კურორტზე უნებართვოდ ასეულობით ე.წ. დასასვენებელი სახლები, უმეტესდად „ფუტლიარები“ გაკეთდა.

იმავე ოპოზიციის მტკიცებით, უმრავლესობა მათგანის მეპატრონე კრიმინალური ავტორიტეტები, საკრებულოს დეპუტატები და ადგილობრივი მთავრობის წევრები არიან.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საკუთარ ვებგვრდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში საკადასტრო ტექნიკური სამუშაოები ერთი თვეა დაიწყო.

“საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ჯგუფები, მესაკუთრეების ჩართულობით, სრულად აზომავენ  მიწის ნაკვეთებს  და საკუთრებაში დაარეგისტრირებენ მათ. საკადასტრო აზომვითი სამუშაოების დაწყებამდე, მონაცემები საჯაროდ იყო გამოქვეყნებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში. დაინტერესებულ მოქალაქეებს რეგისტრატორები ადგილზე სამართლებრივ კონსულტაციას უწევდნენ, სარეგისტრაციო დოკუმენტებს იბარებდნენ და საკადასტრო აზომვის ჩასატარებლად მისაღებ დროზე უთანხმდებოდნენ.

დაბა გომისმთა ერთ-ერთია იმ შვიდი მაღალმთიანი დასახლებიდან, რომელიც  იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 3 ივლისის N 562 ბრძანების საფუძველზე სისტემური რეგისტრაციის განსახორციელებლად შეირჩა. აღნიშნულ დასახლებებში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება” , – ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.