“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატი ირმა ინაშვილი ამტკიცებს, რომ რუსეთიდან დაფინანსებას არ იღებს. მისი თქმით, ცენტრ დოსიეს საგამოძიებო მასალაში რუსეთიდან 8-მილიონიანი დაფინანსება იმიტომ ახსენეს, რომ მისი პარტიის საარჩევნო ნომერი არის 8.
“ეს არის აბსოლუტური აბსურდი. რვა მილიონიანი ბიუჯეტის განხილვა საერთოდ არ ყოფილა. რვა მილიონი, ალბათ, იმიტომ აიღეს, რომ ჩვენი საარჩვენო ნომერი რვა არის. ჩვენი საარჩევნო ნომერი 41 რომ ყოფილიყო, ალბათ, 41 მილიონიან ბიუჯეტს გაგვიანგარიშებდნენ და 41 მილიონს დაგვაბრალებდნენ”, — განაცხადა ინაშვილმა ბრიფინგზე.
ამ ფორმით გამოეხმაურა ისე ცენტრ დოსიეს საგამოძიებო მასალას, რომლის მიხედვითაც მისი პარტია რუსეთიდან, კერძოდ, კრემლიდან და რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჯგუფებიდან ფინანსდება და პიარდება.
ცენტრ დოსიეს განკარგულებაში აღმოჩნდა სამუშაო დოკუმენტები, ანალიტიკური ანგარიშები, ფინანსური შეფასებები, წინასაარჩევნო მეთოდები და საოპერაციო მოხსენებები დაზვერვის გენერალ ჩერნოვის სამდივნოდან. მათი განცხადებით, ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევასა და შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობს და ამისთვის პატრიოტთა ალიანსის დაფინანსება გადაწყვიტა.
დოსიეს განცხადებით, გამოძიებისას გამოჩნდა, თუ რას წარმოადგენს ე.წ. რბილი ძალა, რომელიც კრემლიდან იმართება: როგორ იბარებენ პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს, ჟურნალისტებს მეზობელ ქვეყნებში, ხოლო მოსკოვიდან გაგზავნილ ინსტრუქციებში დეტალურადაა აღწერილი, პრორუსულმა ოპოზიციამ როგორ უნდა გააღვივოს პროტესტის გრძნობა, გამოიწვიოს პროვოკაცია და რომელ მტკივნეულ თემებზე დასვას მთავარი მახვილები.
“ამჯერად თემა ეხება საქართველოში დაგეგმილ ოქტომბრის არჩევნებს. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, კრემლი ფსონს ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავზე დებს, რომლებიც აქტიურად აკრიტიკებენ ნატოსა და აშშ-ს. უკვე შედგენილია მრავალმილიონიანი წინასაარჩევნო ბიუჯეტი და დამონტაჟებულია სააგიტაციო ვიდეო რგოლი. ხოლო პატრიოტთა ალიანსის პოპულარიზაციისთვის პოლიტ ექსპერტი სერგეი მიხეევი და მოსკოვური კომპანია POLITSECRETS დაიქირავეს.
თავად მიხეევს კი გენერალ ჩერნოვის ხალხი კურირებს, ეფ ეს ბეს პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და გე ერ უს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი”, — წერია დოსიეს მასალაში.
მიხეევი ცნობილია, როგორც კრემლთან აფილირებული პირი, რომელიც თავს პოლიტოლოგს უწოდებს. ის სახელისუფლებო მედიაში პროპაგანდისტულ მასალებზე მუშაობდა. დოსიეს ინფორმაციით, სწორედ მან მისწერა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ წინასაარჩევნო სამზადისისთვის, პატრიოტთა ალიანსის გასაპიარებლად, პოლიტტექნოლოგების დასაქირავებლად, გადაადგილებისა და საცხოვრებელი ხარჯებისთვის, 700 000 დოლარი სჭირდებოდათ. გამოძიებას თან ერთვის მიხეევის ხარჯთაღრიცხვის ფოტო.