ჰიგიენური საშუალებების შესაძენად სკოლებს დაფინანსება გაეზრდება

822

განათლების სამინისტრო ყველა საჯარო სკოლას სადეზინფექციო საშუალებებით, დეზობარიერითა და თერმოსკრინინგის აპარატით თავად უზრუნველყოფს.

ამასთან, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, სხვა ჰიგიენური საშუალებების შეძენა უშუალოდ სკოლებს მოუწევთ, რისთვისაც 140-მდე სკოლას დაფინანსება გაეზრდება.

„მარტის თვიდან მოყოლებული, ამ 6 თვის განმავლობაში, ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა. ასეთი თვალსაჩინო რეფორმა ამ მიმართულებით სისტემას არ ჰქონია. განათლების სამინისტროს უდიდესი სამუშაოს ჩატარება მოუწია, მათ შორის, ინფრასტრუქტურული მიმართულებით. რაც შეეხება დასაცავ რეკომენდაციებს, სკოლები საპონს და სხვა ჰიგიენის საშუალებებს თავად შეიძენენ. იმ შემთხვევაში, თუ სკოლებს ფინანსური დანაკლისი აქვთ ბიუჯეტში, დამატებით დაფინანსებას მიიღებენ. ასეთი დაახლოებით 140 სკოლაა, რომელმაც დამატებითი დაფინანსებისთვის სამინისტროს მიმართა“, – განაცხადა დგებუაძემ.

რაც შეეხება იმას, სკოლების უმეტესობამ პანდემიის პირობებში სწავლების რა მოდელი აირჩია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თქმით, თითოეული სკოლა სასურველ მოდელს თავად ამუშავებს და ეს პროცესი ჯერ დასრულებული არაა.

მისივე განმარტებით, სწავლების მოდელი შესაძლებელია იმდენივე იყოს, რამდენი სკოლაცაა.

„მოდელი, რომლითაც სკოლები დაიწყებენ სწავლას, მრავალფეროვანია. მოდელი, რომელსაც სკოლა შეიმუშავებს, უნდა იყოს სკოლის საჭიროებაზე, სკოლის ინფრასტრუქტურაზე, მოსწავლეების რაოდენობაზე მორგებული. შესაბამისად, სკოლები, თავისი საჭიროებიდან გამომდინარე, თავად ამუშავებენ ამ მოდელებს. საბოლოო შედეგს, იმ შემთხვევაში თუ სკოლა გადავა შერეულ მოდელზე, სამინისტროს გაუზიარებენ. ჯერჯერობით ამუშავებენ და სრულად არ მიგვიღია ეს მოდელები. 2084-მა სკოლაა, შესაძლებელია ყველას თავისი ინდივიდუალური მოდელი ჰქონდეს. კიდევ ორი კვირა გვაქვს იმისთვის, რომ სკოლამ იმუშაოს და თავისი მოსაზრება სამინისტროს გაუზიაროს“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 15 სექტემბერს, საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე ნაბეჭდ წიგნებს მიიღებს.

„იმის გამო, რომ სისტემა ვითარდება, ჩვენ ვმუშაობთ სახელმძღვანელოების გაფიცრულებაზე. ეს არის ხვალინდელი პროექტი, რომელსაც სკოლებს შევთავაზებთ. ამ ეტაპზე ყველა სკოლა მიიღებს ნაბეჭდ სახელმძღვანელოს“, – განაცხადა დგებუაძემ.

ცნობისთვის, სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. სწავლების ონლაინ-რეჟიმის შენარჩუნება ამ ეტაპზე არ იგეგმება.