პრემიერი: რეგიონებში გზის, წყალმომარაგებისა და გაზის პრობლემის მოგვარებას წლები არ უნდა დასჭირდეს

857

„ძალიან კარგად გვესმის, რომ დედოფლისწყაროში ბევრია საშრომი. ბევრია საშრომი, რომ პირველ რიგში, წყალმომარაგების პრობლემა მოვაგვაროთ. მთელს საქართველოში ასეა – გზა, წყალმომარაგება და გაზი სოფლად და რეგიონში მცხოვრები ადამიანების პირველადი მოთხოვნაა. ამას წლები არ უნდა დასჭირდეს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, დედოფლისწყაროში, „ქართული ოცნების“ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

„ბევრი წელია, ვშრომობთ. გზები შედარებით ნორმალურ მდგომარეობაშია. შიდა სასოფლო გზებია მოსაწესრიგებელი, მაგრამ წყალი ხდება სულ უფრო და უფრო დიდი პრობლემა. ხორნაბუჯსა და სამრეკლოში 2021 წლისთვის 24-საათიანი წყალმომარაგება უზრუნველყოფილი იქნება. ბავშვები და სკოლები – ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ვახორციელებთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა სკოლა, 3000-მდე სკოლიდან, გასარემონტებელია. ასაშენებელია ახალი სკოლები. სამთაწყაროში ახლა აშენდება ახალი სკოლა 300 ბავშვზე, მშენებლობა მთავრდება მაჩხაანშიც. ეს საკმარისი არ არის. მთავარია, რომ იყოს სამართლიანობის შეგრძნება, ადამიანი იყოს დარწმუნებული, რომ არავინ შეეხება ღირსეული შრომით შექმნილ მის სიმდიდრეს და ბარაქას და ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ დედოფლისწყაროსაც და საქართველოსაც“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 20 ივლისს წარადგინა. 10 აგვისტოს კი, პოლიტიკურმა გაერთიანებამ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა კახეთით დაიწყო.