ახალციხის “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორი და მისი შვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შესაძლო ნეპოტიზმის საკითხზე დაიბარა

682

ახალციხის “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორი ფატი (ნაირა) ხაბულიანი და მისი შვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შესაძლო ნეპოტიზმის საკითხზე დაიბარა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ხაბულიანის სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრის საკითხს ადმინისტრაციაში ადასტურებენ, თუმცა საუბრის თემის დეტალებზე არ საუბრობენ.

სავარაუდოდ, სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი ფატი ხაბულიანთან შეხვედრით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ ახალციხის “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორის ნაირა იგივე ფატი ხაბულიანის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხაბულიანთან მიმართებით იკვეთება ნეპოტიზმის ნიშნები, რადგან მისი ოჯახის წევრები ახალციხის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ყველა რგოლს აკონტროლებენ. კერძოდ:

“ნაირა ხაბულიანი ააიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 13 წელია ხელმძღვანელობს. ბოლო სამი წლის განმავლობაში კი პარალელურად შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“ და შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრში“ ეპიდემიოლოგია. ასევე, ბოლო ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნაირა ხაბულიანი ანაზღაურებად სამუშაოებს ასრულებს ჯანმრთელობის კვლევის კავშირისა და თამბაქოს კავშირის პროექტებში. სამი წელია მისი შვილი ნინო ზედგინიძე ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განყოფილების უფროსია. ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ზედამხედველობას სწორედ მისი საშუალებით ახორციელებს. ეს რეგიონული განყოფილება კი მუნიციპალიტეტებში ააიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან ურთიერთობას ხელშეკრულებით არეგულირებს”, – ნათქვამია კვლევაში.

თავად ფატი ხაბულიანი და გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი „სამხრეთის კარიბჭეს“ ზარებს არ პასუხობენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კოორდინატორი თამუნა უჩიძე ამბობს, რომ ფატი ხაბულიანს ორ “ცხელების ცენტრში” და ამასთან ერთად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ერთდროულად მუშაობის უფლება არ ჰქონდა.

„ხაბულიანი სამ სამსახურში მუშაობს ერთდროულად, ასევე ითავსებს კიდევ ორ ანაზღაურებად საქმიანობას. საინტერესოა, რომელ სამსახურში რამდენ საათიან სამუშაო განრიგზე აქვს ხელი მოწერილი და თუ ასრულებს ყველა სამსახურში სრულყოფილად მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ერთდროულად ხუთი სამსახურის საქმეს ააიპ-ის დირექტორი რომელი სამსახურის ხარჯზე აკეთებს?! ამას ალბათ შიდა აუდიტები შეისწავლიან და იტყვიან. ესეც რომ არ იყოს, პანდემიის პერიოდში იგი ორ ცხელების ცენტრში და პლიუს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ერთდროულად მუშობდა, რაც ცალსახად დარღვევაა. ამიტომ ამ საკითხებითაც ჯანდაცვის სამინისტროს და მერიის შიდა აუდიტები უნდა დაინტერესდნენ. ასევე, ჩვენ როცა ვამბობდით, რომ საკრებულოს კონტროლი არის ძალიან სუსტი მერიის და მის დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიმართ, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ასეთ საკითხებს საკრებულიც უნდა უყურებდეს”.

ამავე დოკუმენტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს ჯანდაცვის დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს, დაინტერესდნენ ნაირა ხაბულიანისა და მისი შვილის, ნინო ზედგინიძის ინტერესთა კონფლიქტის საკითხით და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

რა ტიპის რეაგირება მოახდინა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ კვლევასა და შესაძლო ნეპოტიზმის საკითხზე, მერიაში კომენტარს არ აკეთებენ. მათი თქმით, თემაზე რედაქციამ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოითხოვოს.

იგივე პასუხი მიიღო „სამხრეთის კარიბჭემ“ ჯანდაცვის სამინისტროდან, სადაც წერილი უკვე გაგზავნილია.