სკოლებში, შემოქმედებითი წრეები, რომელიც არაა სავალდებულო საგანი, სექტემბრიდან კვლავ გაიხსნება, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„შემუშავებულ რეგულაციებში სახელოვნებო წრეებიც წერია – თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოსწავლეებიც და ის ადამიანებიც, რომლებიც ამ პროცესს უწევენ კოორდინაციას. რა თქმა უნდა, პროცესი იქნება ჩვეულებრივი; იქნება სპორტული გაკვეთილებიც, სახელოვნებოც… ყველა გაკვეთილი იქნება ორგანიზებული, უბრალოდ, ამ პროცესებს სჭირდება მართვა და განათლების სამიისტრო, თავის რესურსცენტრებთან ერთად, მზადაა, ყოველდღიურ რეჟიმში დაეხმაროს სკოლებს“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.
სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა. სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე. შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.