დაბა სტეფანწმინდაში ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს

637

დაბა სტეფანწმინდაში ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტში ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა, მოსახლეობის ტესტირება გრძელდება. ეპიდემიოლოგები დილიდან დაავადებული პაციენტების ახლო კონტაქტებს იკვლევენ, თუმცა აქ COVID-19-ზე გამოკვლევა სურვილის მიხედვით, სხვა ადამიანებსაც შეუძლიათ.

დღეს სპეციალისტები კიდევ ასამდე ადამიანის ბიოლოგიური ნიმუშის შეგროვებას გეგმავენ, რასაც შემდეგ კორონავირუსზე პი-სი-არ ტესტირება ჩაუტარდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაბა სტეფანწმინდაში კოვიდინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მუნიციპალიტეტში, ჯამში 13 შემთხვევაა დაფიქსირებული და ყველა მათგანი ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის კლასტერის წარმომადგენლები არიან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 306 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 085-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.