ნანა ტოხვაძე: ხელისუფლების მორიგი ტყუილი და დაცინვა საბავშვო ბაღების თანამშრომლების მისამართით – ხელფასი 10-15%-ით იზრდება

732

წინა სტატია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელის ნანა ტოხვაძის განცხადებით, „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მიხედვით, საბავშვო ბაღებში ანაზღაურება 100 ლარით უნდა გაზრდილიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხელფასი 10-15%-ით იზრდება.

ტოხვაძის თქმით, აღნიშნული ხელფასის მატება მხოლოდ თბილისის ბაღებში სრულ განაკვეთზე დასაქმებულებს შეეხებათ და გაურკვეველია, რატომ არ იმსახურებენ სხვა ქალაქის საბავშვო ბაღების თანამშრომლები ხელფასის გაზრდას.

„პრემიერი გახარიას ცრუპენტელობა და დაანონსებული სახელფასო ზრდა ერთი პრობლემაა, მაგრამ კიდევ უფრო მწვავე საკითხია ის, თუ სად წავიდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები?!

„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:

„2020 წლის 1 სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება (მასწავლებლები, აღმზრდელები და სხვა, 32 ათასზე მეტი მოქალაქე), რაზედაც მიიმართება 15.0 მლნ ლარამდე; როგორც ირკვევა, მხოლოდ თბილისის ბაღებში სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა ხელფასები იზრდება და ისიც, არა 100 ლარით, არამედ 10 – 15%-ით.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბიუჯეტი წლის დასაწყისში დაგეგმეს და სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღებში დასაქმებული – დანარჩენი 10 800 თანამშრომელიც გაზრდილ თანხას მიიღებს.

ნუთუ ასეთ დამოკიდებულებას იმსახურებენ აღმზრდელ პედაგოგები, რომ ყოველ ჯერზე მორჩილად ჩაყლაპონ ხელისუფლების მორიგი ტყუილი და დაცინვა საბავშვო ბაღების თანამშრომლების მისამართით. მოვითხოვთ, კეთილი ინებოს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ და განუმარტოს ბათუმის, ზუგდიდის, თელავის თუ სხვა ქალაქების საბავშვო ბაღების თანამშრომლებს თუ რატომ არ იმსახურებენ გაზრდილ ხელფასს ან როდემდე უნდა იყვნენ მთავრობის ცრუპენტელობის მსხვერპლნი“ , – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.