სამცხე – ჯავახეთში სამი სკოლის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

533

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის შესრულებას განაგრძობს.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, ტენდერების გამოცხადება უკვე დაიწყო სამცხე – ჯავახეთის რეგიონში. ტენდერი გამოცხადდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2 სკოლის: ქ. ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლისა და სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე. ასევე, ტენდერია გამოცხადებული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე.

„სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. რეაბილიტირდება საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 66 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტენდერებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე.