გორში ველობილიკების მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპისთვის გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. ინფორმაციას რადიომოზაიკა ავრცელებს.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს დისკვალიფიკაცია მიენიჭათ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, ორ კომპანიას: შპს “გზაჯვარედინი” და შპს “სერვისი1” დისკვალიფიკაცია მიენიჭათ.
როგორც ირკვევა მიმდინარე წლის ივლისში გამოცხადებულ ტენდერში, მხოლოდ აღნიშნული კომპანიები იღებდნენ მონაწილეობას. სამუშაოებისთვის 61`945 ლარი იყო გათვალისწინებული.
შპს “გზაჯვარედინი” სამუშაოების შესრულებას 32 994 ლარად კისრულობდა, შპს “სერვისი1” კი 55`000 ლარად. სატენდერო კომისიამ ორივე კომპანიის ტენდერიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც გორის მერიაში განმარტავენ, ველობილიკების მოწყობის პირველი ეტაპი ევროკავშირის დაფინანსების ფარგლებში უნდა განხორციელდეს, ამ შემთხვევაში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
“პირველი ეტაპი უკვე დაკონტრაქტებულია, ეს ევროკავშირის დაფინანსებით რაც უნდა გაკეთდეს. უახლოეს ვადებში დაიწყებენ უკვე სამუშაოებს. რაც შეეხება მეორე ეტაპს, გამარჯვებულ კომპანიებს დისკვალიფიკაცია მიენიჭათ. ხელმეორედ გამოცხადდება დღესვე”, – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.
ინფორმაციისთვის, გორში ველობილიკების მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროკავშირისგან მიღებული გრანტის ფარგლებში უნდა განახორციელოს, რისთვისაც 83 000 ლარი გაითვალისწინა.