ენუქიძე: მესტიაში მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ, რათა დროულად მოხდეს აღრიცხვა და საკარანტინო ზონაში გადაყვანა

537

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე (144) უნდა დარეკონ, რათა დროულად მოხდეს თითოეული მათგანის აღრიცხვა და საკარანტინო ზონაში ორგანიზებულად გადაყვანა.

მისივე თქმით, ტურისტული მიზნით მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ კარანტინი გაიარონ სვანეთში ან სხვა რეგიონში, ასევე შეუძლიათ დარჩნენ იმ განთავსების ობიექტში, სადაც იმყოფებოდნენ მანამდე, სანამ დატოვებენ სვანეთს და გაივლიან კარანტინს.

„მოქალაქეების საკარანტინო ზონაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ის მოქალაქეები, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით იმყოფებიან სვანეთში ორგანიზებულად, მეთვალყურეობის ქვეშ საკუთარი ტრანსპორტით შეძლებენ საკარანტინო სივრცემდე მისვლას.

მოქალაქეებს, რომლებიც სვანეთში იმ სასტუმროში იმყოფებიან, რომელიც უკვე საკარანტინო სივრცედ მოეწყო, დღეიდან 14 დღის განმავლობაში სახელმწიფო აანაზღაურებს მათი განთავსების და კვების ხარჯებს“, – განაცხადა ენუქიძეს.

დეპუტატის ინფორმაციით, დღეიდან მესტიის მუნიციპალიტეტში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოქმედებას იწყებს მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ტურისტული საინფორმაციო ცენტრისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი, რომელიც სასტუმროებს ეწვევა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებსა და დამსვენებლებს ადგილზე გააცნობს სამოქმედო გეგმას და საჭირო ინფორმაციას.

ცნობისთვის, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილება შეიზღუდა როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი, მოქალაქეები ვალდებული არიან, გაიარონ კარანტინი. გარდა ამისა, დამატებითი რეგულაციები, საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს დაბა მესტიაში, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას.