ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მესტიაში საკარანტინო რეჟიმის გამკაცრება არ იგეგმება.
როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რეგიონში დღეს არსებული ვითარება სრული კონტროლის შესაძლებლობას იძლევა.
„რეგიონში დღესდღეობით განხორციელებული საკარანტინო რეჟიმი არის საკმარისი იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგებმა იმუშავონ თავისუფლად და ჩვენ გვქონდეს სრული კონტროლი აღნიშნულ რეგიონში. სამომავლოდ გამკაცრებას არ ვგეგმავთ. ჯერჯერობით ველოდებით ყველა იმ ტესტირების პასუხს, რომლის ნიმუშებიც უკვე აღებულია. ასევე, ვაგრძელებთ ნიმუშების აღებას“,- განაცხადა ტიკარაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოდან მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა დაწესდა. გადაადგილება კი თავად რეგიონის შიგნითაც შეიზღუდა. ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მესტიის მუნიციპალიტეტში ვითარება დამაკმაყოფილებელია, ღამემ მშვიდად ჩაიარა და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.