გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1-ელ თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ.
განაცხადების მიღების მესამე ეტაპი 10 აგვისტოდან დაიწყო და 11 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. წინა ეტაპებზე მიღებული განაცხადების მონიტორინგის პროცესი უკვე მიმდინარეობს.
დევნილთა განსახლების საჭიროებებიდან გამომდინარე, 100 სახლი დასავლეთ საქართველოში, 22 კი შიდა ქართლის რეგიონში აშენდება. შერჩეულ ოჯახებს, მშენებლობის დასრულების შემდგომ, შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გრანტებიც გადაეცემათ.
პროექტში მონაწილეობის მსურველ დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება, ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეუძლიათ. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.