„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარად ზურა ჯაფარიძის კანდიდატურას უჭერს მხარს და აცხადებს, რომ პარტია მზად არის ამ საკითხზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციისთვის.
„საინტერესო და განსხვავებული ორთაბძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. ცეკას ინსტრუქტორი „ოცნებიდან“ გია ვოლსკი და ზურა ჯაფარიძე. „ევროპული საქართველო“ მზად ვართ ზურასთან ერთად ჩავერთოთ „დესოვიეტიზაციის“ კამპანიაში. დიხ, ზუსტად ასე იქნება, დიდუბე-ჩუღურეთში დამარცხდება მენტალურად საბჭოთა და გეოპოლიტიკურად რუსული მმართველობა. ჩვენ მზად ვართ ზურასთან ერთად ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციისთვის, რომ სწორედ ზურა იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე – წარმატება და გამარჯვება შენ“, – წერს გიგი უგულავა „ფეისბუქზე“.
პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ჯაფარიძის განმარტებით, „გირჩმა“ მაჟორიტარულ არჩევნებში ჩართვის გადაწყვეტილება თბილისის 6 ოქლის გარდა, სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესის გართულების გამო მიიღო.