გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ყაზბეგში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება, – ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შესაბამის ხელშეკრულებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW ) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, კლაუს ვეიგელმა ხელი დღეს მოაწერეს.
„ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.
პროექტი ხელს შეუწყობს აღნიშნული რეგიონების სწრაფ განვითარებას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლებას, აამაღლებს მოსახლეობის მომსახურების ხარისხს და წაახალისებს ინვესტიციების შემოდინებას რეგიონებში.
პროექტს განახორციელებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერით (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით) საქართველოში მიმდინარეობს პროექტები, მათ შორის, ისეთი პრიორიტეტული მიმართულებით, როგორიცაა: ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობა, სოფლის მეურნეობის, განათლების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, გარემოს დაცვა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.