რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და ფინანსთა სამინისტროს შორის, ხელი მოეწერა სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს პროექტისთვის „მდგრადი ურბანული მობილობა“.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა, ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი.
„შეთანხმებებით გათვალისწინებულია რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ, 47 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი სესხის, ასევე, 1.5 მლნ ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფა.
პროექტი ითვალისწინებს ურბანული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსებას, კერძოდ, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემისა და თბილისის სატრანზიტო დერეფნების მოწყობას.
თბილისში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარება გაზრდის გზებზე უსაფრთხოებას, ამასთან, ხელს შეუწყობს ქალაქში საცობების შემცირებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პროექტის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია/სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.
შესაბამისად, განსაკუთრებულ შეთანხმებას რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს შორის, ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ და KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა, ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.