ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების წინ არსებული ტერიტორიის ნაწილი მაშინ ჩაინგრა, როცა მასზე სატვირთო ავტომანქანა გაჩერდა. წყლით სავსე ორმო ამ დრომდე შესაკეთებელია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
შემთხვევა 5 აგვისტოს, 15:00 საათზე მოხდა. გზის ჩანგრევისას სატვირთო ავტომანქანა გადაბრუნდა და რამდენიმე საათის განმავლობაში მისი გასწორება ვერ ხერხდებოდა.
„ასფალტის მასალით დატვირთული მანქანა მოვიდა და გაჩერდა. ამ დროს ჩაინგრა გზა და მანქანაც გადაბრუნდა“, – ამბობენ ქუჩაზე მცხოვრებლები.
მათივე თქმით, გზის ჩანგრევის შედეგად დარჩენილი ორმო საფრთხისშემცველია, რადგან ეზოში მცირეწლოვანი ბავშვები დადიან.
მანქანა, რომლის სიმძიმის გამოც გზა ჩაინგრა, შპს „ელ ეს ჯორჯიას“ ეკუთვნის. ეს კომპანია ასპინძის ქუჩაზე ჩიხების რეაბილიტაციას ახორციელებს. შესაბამისად, გზის აღდგენის ვალდებულება მათ აქვთ, თუმცა ჩანგრეულ გზაზე ამ დრომდე სამუშაოები არ დაწყებულია.
კომპანიაში სავალი ნაწილის აღგენის კონკრეტულ დროს ვერ ასახელებენ: „სამუშაოები არის ჩასატარებელი და ძალიან სწრაფად გავაკეთებთ“, – ამბობენ „ელ ეს ჯორჯიაში“.