ხარაგაულში უსინათლოებისთვის რეკრეაციისა და რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება იგეგმება

437

ხარაგაულში უსინათლოებისთვის რეკრეაციისა და რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება იგეგმება. პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას უსინათლოთა კავშირის ზესტაფონის ფილიალის თავმჯდომარემ, ვასილ ლომიძემ წარუდგინა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

პროგრამა ქობულეთის სოფელ ციხისძირში უსინათლოთა კავშირის სანატორიუმში ბენეფიციარების დასვენებასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ვასილ ლომიძის ინფორმაციით, პროექტში გათვალისწინებულია 6 ხარაგაულელი ბენეფიციარის ჩართვა,  თავიანთი გამცილებლით, ანუ პროგრამაში სულ 12 ადამიანი ჩაერთვება.

ბენეფიციარებს ვასილ ლომიძე შეარჩევს. „შერჩევისას უპირატესობას მივანიჭებთ ახალგაზრდებსა და სრულიად უსინათლოებს, რომლებიც უფრო იშვითად ერთვებიან საზოგადოებრივ აქტივობებში“, – ამბობს ის.

ვასილ ლომიძის ინფორმაციით, უსინათლოების რეკრეაციისა და რეაბილიტაციის პროექტი, სავარაუდოდ, 10 სექტემბრიდან დაიწყება და 10 დღეს გაგრძელდება. პროექტის მთლიანი ღირებულება 4 560 ლარია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, კომისიამ აღნიშნული პროექტი უკვე განიხილა. ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ამ პროგრამის განსახორციელებლად თანხა კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული უსინათლოთა პროგრამიდან გამოიყოს თუ დამატებითი სახსრები მოიძებნოს ადგილობრივ ბიუჯეტში.

დავით კიკნაძის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით მერიის საფინანსო სამსახურსა და ააიპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრს“ შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

უსინათლოების რეკრეაციისა და რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც ხორციელდება.