გომისმთაზე მიწის ნაკვეთების სიტემური რეგისტრაცია 31 დეკემბრამდე გაგრძელდება

1492

კურორტ გომისმთაზე მიწის ნაკვეთების სიტემური რეგისტრაცია მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 03.07.2020 წლის #562-ე ბრძანებით განისაზღვრა სისტემური რეგისტრაციის არეალები: ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულები; ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულები; ონის მუნიციპალიტეტის გომისა და ღების ადმინისტრაციული ერთეულები; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთა. სისტემური რეგისტრაცია გაგრძელდება მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე. მანამდე საჯარო რეესტრში წარდგენილი განაცხადები კურორტ გომისმთის ტერიტორიაზე მიწის რეგისტრაციის თაობაზე შეჩერებულია.

“იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 3 ივლისის №562 ბრძანების საფუძველზე,  დასარეგისტრირებელი დიდი ფართობის გათვალისწინებით, სისტემური რეგისტრაციის განსახორციელებლად სულ შვიდი მაღალმთიანი გეოგრაფიული არეალია განსაზღვრული, სადაც მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ეს არეალებია: ლენტეხის მუნიციპალიტეტის  ჟახუნდერისა და ჩიხარეშის ადმინისტრაციული ერთეულები; ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხვანჭკარისა და ჭრებალოს ადმინისტრაციული ერთეულები; ონის მუნიციპალიტეტის გომისა და ღების ადმინისტრაციული ერთეულები და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის დასახლება.

დასახელებულ არეალებში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდება. შერჩეული გეოგრაფიული არეალების საერთო ფართობი 85 292 ჰექტარს შეადგენს, სადაც სისტემური წესით კერძო, მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეების მომართვას არ დაელოდება და ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას – საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზი და ნაკვეთების დარეგისტრირება – საკუთარი ინიციატივით უფასოდ განახორციელებს. პროექტი კერძო მესაკუთრეებს საშუალებას მისცემს, მიწის ნაკვეთები მარტივად და უფასოდ დაირეგისტრირონ, შეძლონ რეგისტრირებული საკუთრების ეფექტურად განკარგვა და ეკონომიკური სარგებლის მიღება,” – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.