გახარია: მაჩვენეთ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც, რომელიც იტყვის, რომ ბავშვების დახმარება არასწორი ნაბიჯია, მინდა, მას თვალებში ჩავხედო

439

წინა სტატია

მაჩვენეთ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც, რომელიც იტყვის, რომ ბავშვების დახმარება არასწორი ნაბიჯია. მინდა, ამ ადამიანს თვალებში ჩავხედო, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ბავშვები საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და სოციალური დახმარების მიზნობრიობაც ამის მიხედვით განისაზღვრა.

„ოჯახები, განსაკუთრებით მრავალშვილიანები, რომლებმაც ეკონომიკური კრიზისის დარტყმას უნდა გაუძლონ, ნორმალურ სასწავლო პროცესის დაწყებაში უნდა შევიდნენ და მანახეთ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს იყო არასწორი ნაბიჯი. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, მინდა, თვალებში ჩავხედო. მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის და ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში სოციალური დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ ბავშვებს“, – განაცხადა პრემიერმა.

დღევანდელ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ თვითდასაქმებულებისთვის განკუთვნილ სოციალურ დახმარებასა და ამ მიმართულებით ოპოზიციის კრიტიკაზეც ისაუბრა.

„ერთხელ მახსოვს, პარლამენტში დებატებისას ოპოზიციის წარმომადგენელმა მითხრა, ეს ძალიან ცოტაა და დახმარება უნდა გააგრძელოთო. ვუთხარი, ზუსტად თქვენს რჩევას გამოვიყენებ და ამ დახმარებას რომ გამოვაცხადებ, ამ რჩევას გავიხსენებ – მეთქი. ახლა ამ მომენტს ვიხსენებ. ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს დახმარება ეტაპობრივი და სამართლიანი იქნება, ამას ვაგრძელებთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის მესამე ეტაპი. მერწმუნეთ, სამწუხაროდ, ისე ვითარდება სიტუაცია, რომ მეოთხე ეტაპიც იქნება და შეიძლება, მეხუთეც იყოს. რა ვქნათ, ვიღაცის კრიტიკის გამო ჩვენი მოქალაქეები ეკონომიკურ კრიზისში მივატოვოთ თავიანთი პრობლემების წინაშე? რა თქმა უნდა, არა!“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თვითდასაქმებულები, რომლებმაც დოკუმენტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს, 300-ლარიან დახმარებას მაინც მიიღებენ.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარებების გაცემის კიდევ ერთი ეტაპი განხორციელდება, რომლის საერთო ბიუჯეტი 480 მლნ ლარია.

17 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა მოქალაქე ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს და პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ ლარია.

ასევე, ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, თუმცა, დოკუმენტაცია არ ჰქონდა გამართული, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარი დაერიცხება, რისთვისაც 280 მლნ ლარი გამოიყო.

150 ათასამდე სოციალური ქულის მქონე და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სახელმწიფო გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლის საფასურს დაუფინანსებს და ამაში 35 მლნ ლარი დაიხარჯება.