ალეკო ელისაშვილი: ჩვენი გეგმა ორ ფეხზე დგას – სოფლის მეურნეობა და განათლება

590

სოფლის მეურნეობა გამოგვკვებავს და ცოდნა გაგვამდიდრებს, – პოლიტიკური გუნდის „მოქალაქეები“ თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა, პარტიის მთავარ პრიორიტეტებზე და ხედვებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მოქალაქეობა ღირსებაა, ხოლო ცოდნა, შრომა და პატიოსნება – მთავარი სამოქალაქო ღირებულებები.

„ჩვენ გვჭირდება ეროვნულ და არა ვიწრო-პარტიულ ინტერესებზე დაფუძნებული განათლების სისტემა – საგანმანათლებლო დაწესებულებათა თვითმმართველობის გაძლიერება, პედაგოგებისთვის პარტიული საქმიანობის აკრძალვა, საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა, საქართველოსთვის პრაქტიკული და ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებით – მეღვინეობა, სხვა აგროსპეციალობები და ა.შ.

გვჭირდება სოფლად სამუშაო ადგილების შექმნა და ეროვნული სასურსათო კალათის ფორმირება – სახელმწიფო ბალანსზე არსებული ნახევარ მილიონ ჰექტრამდე სახნავ-სათესი და მრავალწლიანი კულტურების სავარგულების ეტაპობრივი, უფასო პრივატიზაცია – ფერმერზე საშუალოდ 30 ჰექტარი მიწის განკერძოების მიზნით.

მსხვილი თანამედროვე საფერმერო ამხანაგობა-კოოპერატივების სახელმწიფო თანადაფინანსება და მექანიზაციით უზრუნველყოფა. სამაცივრე და სხვა საკვანძო აგრო-ლოჯისტიკური მეურნეობების სრულად გათავისუფლება გადასახადებისგან 10 წლის ვადით.

ბიო-ორგანული მეურნეობების წახალისება, რეგიონალური აგრო-ბირჟების განვითარება, კვების პროდუქტების სახელმწიფო შესყიდვებისას, ქართული პროდუქციისთვის პრიორიტეტის მინიჭება“ , – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

„მოქალაქეების“ თავმჯდომარის თქმით, საქართველოს თითოეული შრომისმოყვარე და პატიოსანი მოქალაქე იმსახურებს ღირსეულ ცხოვრებას.

„ქართველი ხალხისთვის ღირსეული ცხოვრების დაბრუნებაა ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია!“ , – აღნიშნა ელისაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.