ალეკო ელისაშვილი და ცირა ელისაშვილი ვახსენე გუშინ, ყველა ეს ადამიანი, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, მადლიერებას გამოვხატავ, ამ ადამიანებმა თბილისისთვის კონკრეტული სივრცეები შეინარჩუნეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედიLIVE“-ში განაცხადა.
„გარემოს დაცვის პოლიტიკა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მიმართულებაა. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც ქალაქში სხვისდებოდა პარკები, სხვისდებოდა სპორტული მოედნები, ნადგურდებოდა იმისთვის, რომ ყველაფერი სამშენებლოდ გამოეყენებინათ. ვაკის პარკი არის საუკეთესო მაგალითი. 9-სართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო. რომ არა ჩვენ, რომ არა ჩვენი გადაწყვეტილება, ხომ შეუძლებელი იქნებოდა ამის შეჩერება?! თუმცა, ამ საქმეში ჩართული იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც იცავდნენ ამ სივრცეს და კიდევ ერთხელ მადლობა მათ. ყოველთვის ვცდილობ მადლიერება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რაღაცას აკეთებენ ამ ქალაქისთვის, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ, იბრძვიან იმისთვის, რომ ეს სივრცეები შენარჩუნდეს. ალეკო ელისაშვილი და ცირა ელისაშვილი ვახსენე გუშინ, ყველა ეს ადამიანი, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, მადლიერებას გამოვხატავ, ამ ადამიანებმა თბილისისთვის კონკრეტული სივრცეები შეინარჩუნეს. წინა ხელისუფლება ყველაფერს გაანადგურებდა, ყველაფერს გაასხვისებდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.