საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა საერთაშორისო კვლევებით ეკონომიკური კრიზისი საკმაოდ გრძელვადიანი იქნება.
როგორც გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ეკონომიკური კრიზისის პირობებში მთავრობის ძირითადი პრინციპი რესურსების გონივრული და სამართლიანი გადანაწილება იქნება.
„როგორც ნათელია და როგორც ჩანს, ყველა საერთაშორისო კვლევებით, ეკონომიკური კრიზისი იქნება საკმაოდ გრძელვადიანი. ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებზე და ვიქნებით მათ გვერდით. ძირითადი პრინციპი იქნება გადანაწილება ქვეყნის შეზღუდული ეკონომიკური რესურსების გორივრული და რა თქმა უნდა, სამართლიანი გადანაწილება, როგორც აქამდე ვაკეთებდით“, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარებების გაცემის კიდევ ერთი ეტაპი განხორციელდება, რომლის საერთო ბიუჯეტი 480 მლნ ლარია.
17 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა მოქალაქე ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს და პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ ლარია.
ასევე, ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, თუმცა, დოკუმენტაცია არ ჰქონდა გამართული, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარი დაერიცხება, რისთვისაც 280 მლნ ლარი გამოიყო.
150 ათასამდე სოციალური ქულის მქონე და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სახელმწიფო გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლის საფასურს დაუფინანსებს და ამაში 35 მლნ ლარი დაიხარჯება.