გახარია: მთავრობა მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური დახმარების მესამე ეტაპს იწყებს

697

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი, რომელიც თვითდასაქმებულების დახმარებას ითვალისწინებდა, დაიხურა.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მთავრობა მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური დახმარების მესამე ეტაპს იწყებს.

„როგორც ფაქტი, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსის მართვის თვალსაზრისით, ანტიკრიზისულმა გეგმამ გაამართლა და დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველო აკონტროლებს ვირუსის გავრცელების რისკებს. თუმცა, ასევე ნათელია, რომ ვირუსი არსად წასულა. ყველას კარგად გვესმის, ვხედავთ უამრავ ქვეყანას, რომელიც ვირუსის გამოწვევებს მძიმედ ებრძვის. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით და ვაცხადებდით, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი არის ბრძოლა და გამარჯვება ორ ფრონტზე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენი მოქალაქეების და ამასთან, რა თქმა უნდა, ეკონომიკური კრიზისი და ჩვენი მოქლააქეეების სოციალური მდგომარეობა. ჩვენ თავიდანვე, პირველივე ეტაპზე გამოვაცხადეთ სოციალური დახმარების კონკრეტული გეგმა, რომელიც, როგორც გახსოვთ, სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების კომპენსირებას მოიცავდა. ამ პროგრამით საქართველოს 1.200 მილიონმა მოქალაქემ ისარგებლა. ამასთან, ჩვენ ერთად გადავდგით შემდეგი ნაბიჯი და ეს არის 600 ათასი ჩვენი მოქალაქისთვის ვალის გადავადების კომპონენტი. გარდა ამისა, ეკონომიკური სექტორის ყველაზე დაზარალებული ტურიზმის და ტურიზმის პირდაპირი მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. ეს იყო ანტიკრიზისული გეგმის პირველი ეტაპი. თუმცა, სულ მალე, ნათელი გახდა, რომ ეს არის ზღვაში წვეთი და ეს ჩვენს მოქალაქეებს ვერ დააკმაყოფილებდა და არ იყო საკმარისი. ამის შემდგომ დაიწყო სოციალური მხარდაჭერის ფართო პროგრამა, რომელიც ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერას ითვალისწინებდა, რომელმაც სამსახური ოფიციალურად დაკარგა. მათი მხარდაჭერა იყო 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში და თვითდასაქმებულების მხარდაჭერა, რომელიც ამ ქვეყანაში არასდროს განხორციელებულა. ჩვენ თვითდასაქმებულების მხარდასაჭერად ერთჯერადად 300 ლარი გამოვყავით. გარდა ამისა, იყო კონკრეტული მიმართულებები შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახების, 600 ლარის, თვეში 100 ლარით დახმარების პროგრამები. სულ მალე ნათელი გახდა, რომ ესეც არაა საკმარისი. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით და ვამბობდით, რომ ეს შეიძლება იყოს მძიმე და ხანგრძლივი კრიზისი და საქართველოს მთავრობა მისი მწირე, ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თითოეულ ქართულ ოჯახს დაეხმაროს. დღეს ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა გახარიამ.