გორის მერიის სააგენტოს თანამშრომელი ბაჩალიაშვილის დედაზე: ნაცებმა სარალიძე 2 გამოაცხვეს

511

შემდეგი სტატია

“როგორც ჩანს, ნაცებმა სარალიძე 2 გამოაცხვეს…” – დაწერა გორის მერიის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის უფროსმა შმაგი ხუბულურმა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედაზე. მან Facebook-ის პირად გვერდზე აშშ-ის საელჩოსთან გადაღებული თამაზაშვილის ფოტო ამ წარწერით გააზიარა, თუმცა, მას შემდეგ, რაც პოსტი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა, ხუბულურის Facebook გვერდზე ის აღარ იძებნება. ინფორმაციას ფორმულა ნიუსი ავრცელებს. 

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ბაჩალიაშვილის დედაზე დაწერილ Facebook პოსტს ემიჯნება.

როგორც გორის მერმა “ფორმულას” განუცხადა, ხუბულურისგან ახსნა-განმარტებას ელოდება, რატომ დაწერა ამ შინაარსის პოსტი და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სწორედ ამ განმარტების შემდეგ მიიღებს.

“არ მქონდა ნანახი ეს პოსტი, Facebook-ს ნაკლებად ვხმარობ, დღეს ჩამაყენეს საქმის კურსში და ვთხოვე მაგათ ააიპის ხელმძღვანელს, რომ გაარკვიოს, რატომ დადო ასეთი პოსტი და ალბათ, მეტყვიან, რატომ დაწერა”, – თქვა თავზარაშვილმა.

კითხვაზე, რას ფიქრობს კონკრეტულად ამ პოსტზე და იზიარებს თუ არა მის შინაარსს, მერმა განაცხადა, რომ არ იზიარებს და “არ მიაჩნია სწორად ტრაგედიაზე ასეთი რამის დაწერა”.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შეიკრიბნენ. ისინი ელჩთან შეხვედრასა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვდნენ. მათ საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა. ბაჩალიაშვილის დედის თქმით, მას საელჩოში უთხრეს, რომ FBI-ს გამოძიებაში დახმარების თხოვნით ქართულმა მხარემ უნდა მიმართოს. თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ თუ საქართველო ამას არ იზამს, ის შიმშილობას დაიწყებს.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.