თამარისის ძიუდოს დარბაზის მშენებლობის დასასრულებლად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

555

თამარისის ძიუდოს დარბაზის მშენებლობის დასასრულებლად გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ერთადერთი კომპანია, რომელმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო შპს „ბა-ნი“, მას დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიანიჭეს. ტნდერის ღირებულება 408 452 ლარს შეადგენს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

„სატენდერო კომისიამ დაადგინა, შპს „ბა-ნი“-ს მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 16/06/2017 წლის N12 ბრძანების 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „ბა-ნი“-ს მიენიჭოს დისკვალიფიკაცია,“ – წერია სატენდერო კომისიის ოქმში

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში ძიუდოს დარბაზის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის ტენდერი მერიას 2019 წლის 29 იანვარსაც ჰქონდა გამოცხადებული. მაშინ ტენდერში შპს „ანანა“-მ გაიმარჯვა, რომელმაც მარნეულის მერიას დარბაზის აშენება 777 777 ლარად შესთავაზა. ახალი ტენდერის გამოცხადება შპს „ანანა“-სთან შეწყვეტილი ხელშეკრულების გამო გახდა საჭირო. როგორც ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობაშ გვითხრეს, კომპანია „ანანა“-ს შავ სიაში შეყვანისათვის საბუთები შესაბამის ორგანოს გადაუგზავნეს.

ამ ეტაპზე, თამარისში ძიუდოს სპორტული დარბაზის მხოლოდ „შავი კარკასია“ აშენებული. შენობას სახურავი ჯერ კიდევ არ ადგას.