ამომრჩეველთა მოსყიდვის შესაძლო ფაქტების შესწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მთლიანად საგამოძიებო უწყებაში გადადის

639

ამომრჩეველთა მოსყიდვის შესაძლო ფაქტების შესწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მთლიანად საგამოძიებო უწყებაში გადადის.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკატერინე ღაზაძის განცხადებით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით მოხდა ამომრჩეველთა მოსყიდვის საკითხის კრიმინალიზაცია.

“ადრე კანონში იყო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც 100 ლარამდე თანხით ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენდა. 100 ლარის ზევით კი იყო სისხლის სამართლის კანონმდებლობის ნაწილი. განხილვების შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რა თანხით ხდება ზიანის მიყენება, საჭიროა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, რომლის ფუნქციასაც აუდიტის სამსახური არ ფლობს. შესაბამისად საკითხი გახდა საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივა”, – განაცხადა გენერალური აუდიტორის მოადგილემ.

ცნობისთვის, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ძველი ვერსიით, ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით გარიგების დადება, თუ ასეთიგარიგების ღირებულება არ აღემატებოდა 100 ლარს, იწვევდა პარტიის ან პარტიის წარმომადგენლის დაჯარიმებას გარიგების ღირებულების ათმაგი ოდენობით და ფიზიკური პირის დაჯარიმებას შესაბამისი ღირებულების ორმაგი ოდენობით.